შინაარსზე გადასვლა

მოგონება (ვაჟა-ფშაველა)

ვიკიწყარო გვერდიდან
მოგონება
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


დარბაზში იჯდა თავადი,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა,
და მის წინ ქონის სანთელი
მკრთალი ნათელით ბჟუტავდა.
მოხუცებული ჭაღარა
ფიქრებში იყო გართული,
ერთს საგანს დაჰშტერებოდა
მისი გონების მართული.
იმხანად ამბად გავარდა:
ააზატებენ ყმებსაო,
ქმარი მოუვა ცოლს სახლში,
ძმა უბრუნდება ძმებსაო.
რა მოსაფიქრი საქმეა,
ჭკვად მოსატანი ესაო? _
სთქვა ქაიხოსრომ მწყრალადა
და ამოუშვა კვნესაო.
ჩვენ აღარაფერს გვკითხავენ
ჩვენის საქმისას, ჰყურობთო?!
გვეუბნებიან, თქვენს ყმებსა
ავად ეპყრობით, ჰშურობთო
თითქოს თუ განთავისუფლდენ,
მაშინ გვექნება ძმობაო?
მე არ მოგიკვდეთ... უფროცა
ჩამოვარდებაო მტრობაო...

ახალწლის დილა გათენდა, _
ძღვნობა-დღედ არის ცნობილი,
სისხამ დილაზე წამოდგა
ბატონი კეთილშობილი...
იმას ძღვნის დარდი არა აქვს,
აივანზე დგას მდუმარე, _
და ისევ ჩიბუხსა ჰსუტავს,
სახით ქუში და მჭმუნვარე.
შენიშნა, დედაკაცები
ერეკებიან ვირებსა...
წყალზე მიდიან, თავშლებში
ჰმალვენ გაყინულს ცხვირებსა.
მათ შეუძახა: “დედებო,
ჩვენკენ წამოდით ჩქარაო,
უნდა რამ გამოგიცხადოთ,
ნუღა ყოყმანობთ, კმარაო!”
_ ჩვენი ბატონი გვეძახის,
უნდა ვეახლოთ, ქალოვო,
იწყენს და გაგვიჯავრდება,
ბარემ მოვბრუნდეთ, ძალოვო! _
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
ვირები მიდგნენ ეზოში,
ერთი მათგანი კოჭლობდა,
ქარი თუ სჭირდა თეძოში.
მივიდენ, თავი დაუკრეს,
მოკრძალვით დადგნენ განზედა:
“რა გნებავთ, ჩვენო ბატონო,
ან დაგვიძახე რაზედა?”
თავადმა ხმა როდი გასცა,
ბიჭებს უბრძანა მკვახედა:
“წადით და ეხლავ, ამწუთას,
ამ დიდს ქვევრს ამიხადეთა;
მოხსენით ვირებს კოკები
და სულ აავსეთ ღვინითა,
თუ უნდათ, ქალებსაც ასვით,
რომ შინ წავიდნენ ლხინითა”.
ასრულდა მისი ბრძანება
იმავე წუთას, დილითა,
დიაცნი გაოცებულნი
ბატონს შეჰსცქერენ ღმინითა.
“რად გიკვირსთ, ჩემო დედებო!
კიდევ რა გითხრათ, იცითო?
დღეს ამას იქით მე და თქვენ
უნდა შევიკრნეთ ფიცითო:
მე აღარა ვარ ბატონი,
თქვენ კიდე _ ჩემი ყმანიო,
განთავისუფლებთ ყველასა,
შევთვისდეთ როგორც ძმანიო...
წადით, უთხარით მეზობლებს
და გაახარეთ ყველაო,
ღვინოს რომ ჰსვამდეთ, ესა სთქვით:
მომცემი ადღეგრძელაო!”