მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!
იერსახე
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
"მუმლი მუხასა" და "ლილეოსი",
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი!
მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? -
ეს სიმღერაა საქართველოსი!
თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, -
ეს სიმღერაა საქართველოსი!
აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია, -
ეს სიმღერაა საქართველოსი!
გმირებით სავსე სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,
იდიდე. ამ ხმას სხვაში ვერ გარევ, -
ეს სიმღერაა საქართველოსი!