მღვრიე ქარი
იერსახე
მღვრიე ქარი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი…
ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი,
მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა, როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი
ქარი…
მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი…
მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი.
აქეთ ქუჩა, იქით ჯარი და დროშები გარი-გარი…
ისევ ქარი…
მოდის მტერი, -
იკეცება ალყათ ჯარი.
ცხენზე მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი.
კანონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი…
ისევ ქარი,
მძაფრი ქარი,
თქეში, მთელი ნიაგარი!
სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი.
ისევ მძიმე პეტერბურგი და ამინდი ბობოქარი…
მღვრიე ქარი!