შინაარსზე გადასვლა

მწუხრულ ჰანგზე

ვიკიწყარო გვერდიდან
მწუხრულ ჰანგზე
ავტორი: ტიციან ტაბიძე


(სილუეტები)

ალერსის ბაღში

გილიოტინაზე რომ აიყვანეს ანდრე შენიე, მან შუბლზე ხელი მიიდო და სთქვა:

აქ იყო რაღაც!

ჩემო კარგო, ჩემს გულშიაც იყო რაღაც, მაგრამ ახლა აღარ არის; ტყუილს ამბობენ, რომ სიყვარულის ადგილს სიძულვილი იჭერსო, მე არ ვგრძნობ სიძულვილს, სიცოცხლე ისევ მეძახის ვნების ძახილით და მეც მივდევ ამ ხმას. რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული მრისხანე საგუშაგო იყო? რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული შუადღე იყო უდაბნოში, მწველი? შენ ალერსად მიიღე ის სიმღერა, ჩემში რომ რღვევის ღმერთი მღეროდა? შენ შემოდი ალერსის ბაღში დასასვენებლად, ვერ შეამჩნიე როგორ იკლაკნებოდნენ გველები, მოშხამული ყვავილები სასიკვდილოდ როგორ თრთოდნენ!... ახლა გვიანაა!.. როდის ამდგარა საფლავით მკვდარი; როდის იყო, რომ ორჯერ ყვაოდნენ ყვავილები: გვირგვინმოხსნილ სიწმინდეს ვერ დაიბრუნებ!.. მაგრამ, შენც ხომ შველი იყავ ჩემს გულ-მკერდზე გამთბარი, შენც ხომ აფთარივით გწყუროდა ჩემი სისხლი? იყავ მშვიდობით. ცხოვრების გზაჯვარედინზე შევხვდით ჩვენ, რომ ერთმანეთს გავშორებოდით; ჩემი გაზაფხულის დღე და ღამე შენ გიმღეროდი; რა გენაღვლება სხვას ვუმღერო მკრთალი ჰანგი შემოდგომისა?


შემოდგომის საღამო


საღამოა. მწუხრის ნისლმა დაფარა მიდამო. ახლად დაქვრივებულ ქალივით შავებით შემოსილა სოფელი. ტყვიისფერ ცაზე ოდნავ კრთის თეთრი ღრუბელი ისე, როგორც მგლოვიარე ტუჩებზე ღიმილი გაკრთება ხოლმე. მიწა ლოცულობს, ცას ევედრება ცოდვის პატიებას და ქარიშხალი ”აწ განუსვენეს” უმღერის ჩაყვითლებულ ფოთლებს, გამხმარი ხიდან მოკვეთილ ფოთლებს. ტიკ, ტიკ... ეცემა ფანჯარას წვეთები.

მათი რიტმული ხმაურობა თითქო გამოძახილია წეროთა გუნდისა, აგერ თავზე რომ გადიარეს... მათი სევდიანი ძახილისა. ღმერთო! როგორ ჩამდგარა წყალი მის ნაკვალევში, ჯერ კიდევ ემჩნევა მიწას მისი პატარა ფეხის ნაკვალევი, და, ვინ იცის, შესაძლებელია წვიმამ მოშალოს კიდეც იგი!...

არ ვიცი რისთვის მომინდა, ძლიერ მომინდა გადავმხტარიყავ ფანჯრიდან და დამეკოცნა ის ადგილი მიწისა, სადაც მის ფეხებს სიღრმე გაუკეთებია და რომელსაც ვინ იცის, იქნებ ამაღამაც მოშლის წვიმის შხეფები.

რა მწარეა, რა მწარე იმის გახსენება, რომ იგი აწი არაოდეს არ დაბრუნდება, გახსენება იმისი, რომ საყვარელი ქალი, რომელიც გუშინ შენთან იყო, დღეს სამუდამოდ წავიდა და აღარ მოვა არაოდეს!

ღმერთს რისხვის დროს შეუტანია ეს სიტყვა ”არაოდეს” ჩვენთვის სახმარ ლექსიკონში. გულ-ღვიძლს ღრღნის ეს სიტყვა, ჭკუას სწვავს არაადამიანური ტკივილით.

ტიკ... ტიკ!.. ეცემა წვიმის შხეფები ფანჯრის მინას და ქარიშხალი ცივად ულოშნის სახეს. ის კი არ იცის სულელმა, რომ მისი კოცნით გაგონებს იმ კოცნას, რომელიც სწვავდა შენს სახეს და რომელიც აწი არაოდეს განმეორდება. წვიმა კი დაჟინებია იმ ნაკვალევს და უნდა მოშალოს, გაასწოროს ეს უკანასკნელი ნაშთი წუხანდელი ტრფობისა.

ხელში თრთის თასით ღვინო.

სვამ და უფრო გრძნობ სიცივეს...

იცი, რომ სულში დაუბუდია სიცივეს და ღვინო მას ვერ გაათბობს... მაგრამ მაინც სვამ...

განშორების, ყორანთა ფრთების ბარტყუნმა დაბადა სულში ეს სიცივე, და მოგონება მისი, რომ არასოდეს არ დაბრუნდება, უფრო აციებს მას... არ დაბრუნდება, არაოდეს არ დაბრუნდება; იცი, რომ მართალია, მაგრამ არ გჯერა, და გიხარია, რომ არ გჯერა!.. მაგრამ ქალისთვის განა არის წარსულის მოგონება, განა ის გაიხსენებს წარსულს?.. გადავივიწყე და მიყვარდი მაშინ შენ, და მისი თვალები... ტიკ... ტიკ... ტიკ... ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები, თითქო ითვლის შენგან განმეორებულ იმის სახელს... ქარიშხლის ცივი კოცნა და სევდიანი ველური კივილი უფრო აცივებს სულს. მოშალა კიდეც სარკმლის წინ ნაკვალევი, წყლით აივსო, თვალი კი მაინც ვერ მოგიშორებია, თითქო მასთან გაშრა შენი სულის ლხენაც!

- იპოვე, იპოვე?.. - ყრუდ დაიკივლა ცაცხვზე ზარნაშომ.

- ვერა, ვერა!.. - ყრუდვე უპასუხა მეორემ.

უი, უი, უი... ყიყინებენ ბაყაყები; წარღვნა მოელის ქვეყანას, ვინ გამოიტირებს მას, თუ არა ისინი.

ყვითელი ფოთლებით ავსებს ქარიშხალი ოთახს - სველი, გამხმარი ფოთლებით და რაღაც ნათესაობას გრძნობს სული ამ ფოთოლთა ბედთან, ყვითელ ფოთლებს ენა აუდგამთ და ბედით ჩურჩულში თითქოს ისმის:

- არ დაბრუნდება არაოდეს!...


1911 წ.