შინაარსზე გადასვლა

მხედართა ძველი სიმღერა

ვიკიწყარო გვერდიდან
მხედართა ძველი სიმღერა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1904 წელი


მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,

არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”