შინაარსზე გადასვლა

ნაწყვეტები დღიურიდან

ვიკიწყარო გვერდიდან
ნაწყვეტები დღიურიდან
ავტორი: ტიციან ტაბიძე


ნაწყვეტები დღიურიდან ტიციან ტაბიძე სამყაროს მატიანედან


I იულიუს კეისარს ურჩიეს ქურუმებმა მარტის დღეებში სენატში არ წასულიყო, მაგრამ ბედისწერა არასოდეს არავის არ აპატიებს, ფარვანასავით თავს დასტრიალებს იგი ადამიანს, სანამ არყოფნის ღამეში არ ჩაქრება ჩირაღდანი ცხოვრებისა. ბრუტოსის მახვილი კეისრის სისხლში უნდა ამოსვრილიყო, რადგან ცხოვრების სასწორი დემონმა გადასწია. იქნება ეს ცთომით მომდიოდეს, მაგრამ მე მწამს, რომ არსებობს ბედისწერა, ის არის „რაღაც“, რომელიც უნდა სუფევდეს, მას ვერავინ ასცდება, რაც უნდა ეცადოს, მას გრძნობს სული და მისტიური საშინელებით იმოსება. გადაწყვეტილია, რაც უნდა იქნეს; ბევრიც ეცადო, ის არ დაიშლება, ვინ იფიქრებდა, რომ მე ამ საშინელებამდე მივიდოდი, უწინ სხვას რომ ჩემთვის ეთქვა, ზღაპარი მეგონებოდა, მაგრამ სულსაც სცოდნია განცდა მეტამორფოზისა და მერე როგორის - ოვიდიუსს სიზმრადაც არ მოლანდებოდა ისეთი.

დღეს მე მკვლელი ვარ... სხვა დროს, ვინ იცის, წნორის ფოთოლივით, შვლის ნუკრივით დავიწყებდი კანკალს, ფიქრადაც რომ გამევლო ეს აზრი. დღეს კი მკვლელი ვარ, არ ვიტყვი, არ მეშინოდეს, მე თავს არაფერს ვუმალავ, მაგრამ არც ისე, როგორც მეგონა, მხოლოდ მაჯავრებს, რომ მოვა პოლიცია, გამოკითხვას დამიწყებს, გადაათვალიერებენ ჩემს სურათებს, წერილებს, წიგნებს (მისი სურათი კი დავმალე). არ ვიცი, როგორ ავიტან, როცა პირში დაცინვას დამიწყებენ, გადავწყვიტე არაფერი ვთქვა. სხვა ყოფილა თურმე საბედისწერო სიყვარული, ვაი მას, ვისაც იგი მოუხმობს, მისი ხმობა სიკვდილის ძახილზე უფრო საშინელია, მისგან გათხრილ უფსკრულს ვერაფერი ამოავსებს. მე თავის დღეში არ დამავიწყდება ის წუთი, საშინელი წუთი, როცა ჩემი ხანჯალი მის გულში დაიმალა. ღმერთო ჩემო, რა სულელური თვალები ჰქონდა. ერთი წამით ჩავიხედე მე იმ თვალებში და ისე შემეზიზღა, რომ არ შემიძლია წარმოვიდგინო, რა უნდა იყოს ის ქალი, რომელიც მასთან სამი წლის განმავლობაში სარეცელს იზიარებდა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ შეითქვა, თორემ რა იყო ის ძერის სულელური თვალები, როგორ მეხვეწებოდა, ნუ მომკლავო, ფეხებზე მეხვეოდა, მეფიცებოდა; ნებას მივცემ მაროს გაყრისასო; მის თვალებზე ცრემლები დაეკიდა; რა გამომეტყველება ჰქონდა მის სახეს! მახსოვს, სადღაც მინახავს სურათი: მკვდრები რომ სტირიან; არ ვიცი, რატომ ჰგავდა ასე უცნაურად მას! გაყრის ნებას მივცემო, სიკვდილის შიშმა აიტანა, მართალი გულით ლაპარაკობდა, მაგრამ მისთანა ადამიანები მალე უღალატებენ ხოლმე სიტყვას, მეორე დღეს ჟანდარმებს მიმცემდა ხელში. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე ის მაინც უნდა მომეკლა, მე მის თვალებში ჩავიხედე, მის ძერა თვალებში... ის რომ არ მომეკლა, ხომ სამუდამოდ ვერ მოვისვენებდი - ძილში მაინც მომეცემოდა საშინელი გამომეტყველება მისი თვალებისა! მე შური ვიძიე: მისი თვალები უთუოდ იხედებოდენ მაროს თვალებში; იქნება მარო ვერ ამჩნევდა მათ საშინელებას, მაგრამ მე მაინც ვერ ვაპატიებდი; მისი ტუჩები ჰკოცნიდნენ მაროს ტუჩებს, რომელთაც მერე ჩემი ტუჩები უნდა შეხებოდა. მაგიჟებდა ის აზრი, რომ მას ნება ჰქონდა ყოველღამე შიშველი ენახა იგი... ენახა ის, ვისი ტანის ყოველი ნაკვთი ინახავდა, ჩემს კოცნას, რომელშიაც გამოვადუღე სულის აღტაცება, აღტყინება და ლოცვა. მისი სუნთქვა უნდა შეერთებოდა მაროს სუნთქვას, რომელიც მე უკვდავების ნანად, მარადისობის სიმღერად მესმოდა. მე მოვკალი ის, როცა გველივით იკლაკნებოდა ჩემს ფეხთა ქვეშე. არ მქონდა ამის ნება?

განა მას კი ჰქონდა ნება, რომ ორივეს სიცოცხლეს გვიწამლავდა? მისი სიკვდილი ხომ ორის ბედნიერება იყო? ის უნდა მომკვდარიყო! მე სულ არ მიფიქრია წინათ მის სიკვდილზე, უთუოდ ბედისწერა ასეთი იყო. მე სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე მისი სიკვდილი. ვინ იცის, იქნება არც კი მომეკლა, რომ მისი თვალები არ მენახა.

მხატვარი საზოგადოდ ძლიერ ცუდად ”ცნობს“ ცხოვრებას, მე არც კი მქონდა წარმოდგენილი, რომ ადამიანს ვართმევდი მას, რისი მოცემაც მერე არავის შეუძლია, მაგრამ მე მეძახდა საბედისწერო სიყვარული. მაშინ ჭკუა უძლურია, როცა ისე ღელავს გული, როგორც ქარიშხლის დროს ოკეანე. მე მოვკალი იგი ხელით, ამოვართვი თვალის კაკლები და ფეხით გავსრისე, ეს ოქმში არის შეტანილი და ერთი გაზეთის რეპორტიორის სიტყვით, მკვლელის უცნაურობას მოასწავებს.


II

5 მარტი


საზოგადოება ძლიერ აღელვებულია. იშოვეს სალაპარაკო. ვინ გინდა, რომ ამ მკვლელობაზე არ ლაპარაკობდეს. ერთიმეორეზე უცნაური ხმები დადის.

- კაცო, წარმოიდგინე, რა უბედურებაა, პატიოსანი მეუღლე, უწყინარი ადამიანი.

- ოღონდაც, - ველაპარაკები მეც და კიდევ ვუმატებ რაღაცას.

საზოგადოდ, სიკვდილის შემდეგ შეიქნება ხოლმე ადამიანის ქება, აქებენ იმისთვის, რომ არასასიამოვნოა მკვდრის გინება, ამიტომ სულ არ გამკვირვებია, როცა ერთმა ნაცნობმა, რამდენიმე დღის წინათ, სისაძაგლის სიმბოლოდ აღსარებული რამ დღეს პატიოსნად გამოიყვანა.

ორი დღეა, რაც მის შესახებ ლაპარაკია. მარო არ მინახავს, საშინელი ხმები დადის. გუშინ წერილით შევუთვალე სოფელში წამოსულიყო, იმ საბაბით, რომ განსვენებული ყოველთვის ნატრობდა თურმე სოფელში დასაფლავებას; ამიტომ შესაფერი განკარგულების მოსახდენად მას შეეძლო წამოსულიყო. ჩვენ სხვადასხვა მატარებლით მივდიოდით; საშინელი მოლოდინის ზღვა ღელავდა გულში. ვაგონში ხალხი ბლომად იყო, ერთი-ორი ნაცნობიც ერია - თავი დავუკარი და ჩემს კუპეში მოწყვეტილივით ჩავიკეცე, საშინელი სიჩუმე კლავდა სულს, მატარებელი ნელის ნაბიჯით ძლივს მიიკლაკნება.

თანდათან აუტანელი ხდებოდა მარტოობა, თითქო იგი სიჩუმესთან შეთქმულა ჩემს წინააღმდეგ. ბალზაკი ამბობს: დუმილი ჩურჩულებსო; მეტერლინკმა, ეშმაკმა იცის, მგონი სულიც კი ჩაუდგა დუმილს, მაგრამ დუმილი მაინც დუმილია და არაფერს ლაპარაკობს. ეს უფრო საშინელია: სული კრთება, საშინელებით გაჟღენთილი ჰაერი დასწოლია ჩემს არსებას. ამ ყოფას მხოლოდ საფლავში გამოღვიძებული თუ იგრძნობს. მატარებელი ისევ ნელა მიქშინავს, მას არ აწუხებს, თუ რას ფიქრობს მასში მჯდომარე.

ორი საათი ორ საუკუნედ ჩამოდის.

სიყვარული, სიყვარული!.. ყოველი ასო ამ სიტყვისა ადამიანის სისხლით არის ჩაწერილი მატიანეში, ცხოვრება შეჩერდებოდა, ის რომ არ ამოძრავებდეს! ვინ იცის, ახლა რამდენი ფიქრობს მასზე. ადამიანმა არ იცის რა არის ადამიანობა, თუ მას არ ჰყვარებია, სულ ერთია, როგორი სიყვარულით. თუ სიყვარული ბედნიერია, მაშინ აღტაცებას არ აქვს საზღვარი, შვების ქსელში ნეტარებს სული; თუ უბედურია, მაშინ ის ტანჯვაა, მაგრამ ამ ტანჯვაშიც არის სილამაზე, რომელსაც ვერავინ გამოისყიდის, უკვდავი ღამე იხვევს კალთაში ლოცვას და წყევლას, რომელიც აღმოხდებათ ხოლმე ადამიანებს.

როგორ გამოცვლილა ქვრივის ტანისამოსში, პირველად ძლივს ვიცან! მისი თვალები ისევ ღელავენ ავხორცობით; ვნების პირუტყვი ისევ დაცურავს მის თვალებში, რატომ არის მერე ეს ასე? მისი ალისფერი ტუჩები თითქო ამაყობენ, რომ მათ ბევრი მამაკაცი კოცნიდა. ”ოჰ, ეჭვის ლურჯო გველო!“ - მაგონდება სიტყვები ოტელოსი. მერე რას ვეძებდი მე იმ ქალში?.. რას ვეძებდი! ნუთუ, მართლა უნდა დავრწმუნდე, რომ ქალი მხოლოდ ავხორცობის წყაროა და მეტი არაფერი? მახსოვს ვენეციაში გატარებული ღამეები, გონდოლით სეირნობა, აღტაცება, რომ მღეროდა გონდოლიერი მაისის სერენადებს და ტალღები ბანს ეგუგუნებოდნენ. ჩვენ ხშირად დავიარებოდით იმ ქუჩებში, რომელზედაც ბაირონი და შელი დადიოდნენ. არ დამავიწყდება, როგორ ვუამბობდი მე მას შელის დახრჩობის ამბავს.

- შელის ანგელოზს ეძახდნენ, ჩემო კარგო, ისე ძლიერ ჰგავდა ის ანგელოზს. ლევორნოსთან მგზავრობის დროს ის დაიხრჩო და იცი მერე როგორი ახალგაზრდა? სულ 24 წლისა. თვითონ ბაირონმა გააჩაღა კოცონი, რომ ზედ ანდერძით დაეწვა მეგობრის გვამი. კოცონს დაასხეს ნავთი, ალი ავარდა, ზედ დადეს პოეტის უსულო გვამი... ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ განგებით მარტო პოეტის გული დარჩა უვნებელი. მოფრინდა რაღაც ფრინველი და ზედ დაფარფატებდა პოეტის გულს, რომელიც დასწვა სიყვარულმა და ცეცხლმა კი უვნებლად დასტოვა... მახსოვს, ის ლტოლვილ ქურუმებს მიაგავდა, მაშინ ვინ შეიტანდა ეჭვს, რომ ის ანგელოზი არ იყო.

ოჰ, მაშინ რომ მომეკლა მისი ქმარი! ახლა მარო უკვე შეეჩვია ტყუილს, ღალატს, მაშინაც ხომ ღალატობდა ქმარს; რად არ ვიფიქრე, რომ მეც მიღალატებდა, ზედიზედ მომდის უსახელო წერილები, ვიცი, თუ ყველა არა, ნახევარი მართალია.


III


ამავე დღეს ნაღვლიანი ღამე იყო. ტყეში ვიყავით, მარტის ქარიშხალი ისევ ზუზუნებდა, გმინავდა, სტიროდა (ნეტა მარო თუ იტირებს ქმარს)... რატომ არის, მასთან რომ ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, მე მეშინია მისი, ჩემი სული უკვე მის სულს შეუერთდა და უმისოდ არყოფნის სიმბოლოს წარმოადგენს; მე შიშით ვხედავ ჩემი სულის სახეს მასში, ვიცი ბევრი კოცნიდა მის ტუჩებს, მაგრამ ჩემთვის მაინც წმინდაა, ისევ ქალწულებრივი კდემით გამოიყურებიან.

- მარო, ახლა სძინავს ტყეში პანს, მღვიმეში შეფარებულს.

- ეს პანი რად მოგაგონდა?

- არ გახსოვს, ჩვენ ერთად ვკითხულობდით „პანს“?

- მახსოვს და აკი გელაპარაკებოდი, არ მომწონს-მეთქი.

- მახსოვს - „ქალწული, ცოდვილი თმიდან ფეხებამდი“.

- შენ რაღაც აღელვება გეტყობა!

- მე ის აღელვება მეტყობა, რომ მინდა გაკოცო! მარო, იცი ვინ მოკლა შენი ქმარი?

- არ ვიცი, მაგრამ არც მინდა ვიცოდე, ის მე მძულდა...

- შენ ჩემი უნდა იქნე, მარო, საუკუნოდ ჩემი! მე მიწას არ ვაპატიებ, რომ შენს ფეხებს კოცნის, მე მზეს არ ვაპატიებ, შენს ღაწვებზე რომ სხივებს ათამაშებს, მე მაქვს ამის უფლება! მე შენ შემოგწირე ახალგაზრდობა, სახელი, დიდება, ყველაფერი. შენ ჩემი უნდა იქნე, ჩემი!..

- მერე რომ დამივიწყო?

- მე დაგივიწყებ მაშინ, როცა მიწა გააცივებს ამ გულს... მაგრამ არც მაშინ, რადგან სული საფლავშიაც შენზე იკვნესებს და ნაღვლიანი ქვითინით ძახილს დაგიწყებს...


IV

6 მარტი


... ის დაასაფლავეს. მარო კუბოს მიჰყვებოდა. ღმერთო, ღმერთო, რა ლამაზი იყო, რა ლამაზი! მე უნდა ვიყო მისი პატრონი, რაც უნდა მოხდეს; მსხვერპლი შევსწირე, კიდევ შევსწირავ, მე კიდევ ვერ გამოვრკვეულვარ, ისევ სიზმარში მგონია თავი, ფიქრი ფიქრს აკიდებია, ერთიმეორეზე უფრო შავი, თითქო ოთახში დადის აჩრდილი ვიღაცასი და გრძნეულებით რკინის სალტეებში ამწყვდევს გონებას.

... მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმინდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისა და რქვა: ”უკეთუ ძე ხარ ღვთისა, გარდავარდი შენ ამიერ, და ქუე, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა ზედა აღგიქუან შენ”. ქრისტემ მიუგო: განვედი ჩემგან, რამეთუ წერილ არს: ნუ შეაცდენ შენ ღმერთსა შენსაო. მეც დამაყენა სათანაელმა კლდეზე და მის ქნარზე უფსკრულს განვერთხე... საშინელია! ცა გარღვეულა და მისი კიდენი ქვესკნელს იმალებიან, საშინელი კიბეა ამართული ამ უფსკრულში, ავი სულები დახტიან მასზე, საყვირის ხმებით უხმობს სატანა წყვდიადის შვილს სისხლის მეჯლისზე; ტანჯვის კოცონზე ისმის მოთქმა, ვიღაც ინაკვთება ბნელში, ვიღაც კვდება, მაგრამ უფსკრული არას ისმენს.

საშინელი ღამეა, ბნელა სულშიაც!


V

27 მაისი


ყველაფერი გათავდა, მე დღეს კატორღაში ვარ. ჩრდილოეთის ცივი ცის ქვეშ უნდა მოსთქვამდეს სული; თეთრი სუდარა თოვლისა დამარხავს მას. ვის ესმოდა, ვის, მოთქმა სულისა, რომ ახლა გაიგონონ! მახსოვს, როგორ დამატუსაღეს... ის ქალი მერე არ მინახავს... წერილით ვთხოვე ჩემთან წამოსულიყო, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ასეც ველოდი.

საშინელო ქმნილებავ! გაგირბის ის, ვინც გიცნო, ვინც ჩაიხედა შენს გულში და შეამჩნია მისი სიცარიელე; საშინელია შენი სილამაზით დაამებული მაცთური, ბევრი ჩაიჩეხა ამ უფსკრულს და უკანასკნელად შენს წყევლაში ამოხდება სული.

- რა იქნებოდა, რომ ეს წყევლა ერთად შეერთებულიყო?

- როგორც ოკეანეში ფავნის ცრემლები ისე გამოჩნდებოდა მასთან ადამიანის ბედნიერება, მაგრამ ყრუა ცა! ის არასდროს არ ისმენდა და არც მოისმენს ადამიანის გოდებას. ბავშვი ვიყავ, ტოლებისაგან შორს წავიდოდი და ტყეში ვტიროდი, რატომ? განა ვიცოდი!.. მე ბევრს ვუყვარდი, ბევრის თვალებში ვკითხულობდი უმანკო გრძნობას, მაგრამ ყრუ იყო გული. რატომ? განა ვიცოდი! დღეს ყველაფერი დავკარგე, ჩემი სახელი ამოიშალა მეგობრების ხსოვნიდან და თუ მომიგონებენ - უთუოდ ცუდად. საშინელი სიცივეა, მაგრამ სულში უფრო ცივა. სასოების ხეზე შემჯდარან ყორნები და ჩხავიან. ისედაც გაცივებულ სულს საფლავის სიცივეს გვრის მათი ფრთათა ბარტყუნი... მე მზის სხივებს არ ვაპატიებ, რომ შენს სახეს დაქათქათებენ. ახლა კი ვინ იცის, სად არის? მეტი აღარ შემიძლია, ჩვენ ხომ შვილები ვართ საშინელებისა და სიკვდილისა!...


VI

29 მაისი


... კიდევ ერთი თქმა და დასრულდა ჩემი მატიანე. აწი კალამს აღარ ავიღებ ხელში. საშინელია მარტოობა, მერე მაშინ, როცა ღამის ყრუ დუმილთან შეითქმება და სულს ეჭვების ქსელში გააბამს.

... მე მიწას არ ვაპატიებ, რომ შენს ფეხებს კოცნიდა...

შენ კი, მეგობარო, დალოცე მიწა, რომელიც ჩემს გულს გააციებს... გამოფენაზე ჩემს სურათებს უთუოდ ვერავინ ამჩნევს! იქნება სთქვას ვინმემ: მკვლელის სურათებიო! ბალზაკმა თქვა: ”ყველა გაუცნობლად ვკვდებით, დიდება - მზეა მკვდართათვისო”. შეეძლო განა ბალზაკს ასეთი საყვედურის თქმა? ნუ კრთი, სულო, ყოფნის ყორანმა თავზე დაგვჩხავლა!

არაოდესო -

... თითქოს გონდოლიერის სიმღერა მესმის, მაისის ”სერენადებს” მღერიან... მარო! მე მიწას არ ვაპატიებ, რომ შენს ფეხებს კოცნის, შენ კი დალოცე, ვინც ჩემს მგზნებარე გულს გააციებს... დამადვეს მე ვითარცა ბეჭედი გულსა ზედა შენსა, მკლავსა ზედა შენსა, რამეთუ ფიცხელ არს ვით სიკვდილი და ჯოჯოხეთის შური - სიყვარული... მე ამაზე გავჩერდი. მინდა კიდევ წავიკითხო დაბადება, კიდევ კარგი, რომ თან წამომყვა. ”რა სარგებლობა აქვს ადამიანს ყველა თავის შრომისაგან, რომელზედაც მზის ქვეშ მუშაობდა... მოდგმა მიდის, მოდგმა მოდის და მიწა დგას. ისევ ამოდის მზე, ჩავა მზე, უბრუნდება ისევ თავის ალაგს. რაც იყო ისევე იქნება, რაც ხდებოდა, იგივე მოხდება. არა არის რა ახალი მზის ქვეშე - გარდა ამაოებისა და სულის აღრევისა”. მე ეკლეზიასტი მეფე ვიყავი...


1911