შინაარსზე გადასვლა

ნუმცა მსმენია სიკვდილი

ვიკიწყარო გვერდიდან
ნუმცა მსმენია სიკვდილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1914 წელი


ნუმცა მსმენია სიკვდილი
და ნუმც მინახავ ლომისა!
ნუმც მინახია არწივი,
შნო აღარ ჰქონდეს ომისა!
ლომს ტახტი უდგა მხეცებში,
არწივს — ფრინველთა შორისა.

რა ლამაზია დილითა,
მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა!
ნუმც წაუხდება მშრომელსა
წმინდა ნაღვაწი შრომისა!
დამლახვრელია გულ-მკერდის
ცხელი ცრემლები ობლისა.

უჩირქო, მეტად წმინდაა
შვილზე ტირილი მშობლისა,
ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს
ხმების აკინძვა მწყობრისა,
და გულის მკვლელი სიტყვები
ენა-წყლიანის მთხრობლისა.
ტურფაა ახალგაზრდობა,
ზათქი ვნებათა თრთოლვისა.