შინაარსზე გადასვლა

ოცნება და სინამდვილე

ვიკიწყარო გვერდიდან
ოცნება და სინამდვილე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ის პოეზია გაქრა,
იგი ოქრო და ვერცხლი,
დრომ ძველ მიდამოს გაჰკრა
ცოცხალ ცხოვრების ცეცხლი;

და უბოლოოდ მიჰქრის,
როგორც გაშვება ქორის,
მწარე გათიშვა ფიქრთა
და სინამდვილეს შორის;

მაგრამ მე მოველ, მოველ -
მძლავრი გუგუნი ქნარის,
ძალაუფლება ყოველ
დღის ახალ-ახალ ქარის.

რა საჭიროა ნანა,
ან მოგონება ხშირი,
დღეს თანასწორად დგანან:
მზე, პოეტი და გმირი.