პრესა
პრესა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას!
ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს.
ვარსკვლავებს სძინავთ, გრიგალსაც სძინავს,
მთებს სძინავთ - მაგრამ არ სძინავს პრესას.
მანქანასთან ვწერ. ღამეა. ზრუნვას
ერთი ლაქაც არ ამეასედებს,
როტაციონის მანქანა ბრუნავს
და ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს.
მწყობრი მანქანა გრგვინგას მოიღებს,
თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი, -
თუ ცოცხალი ხარ, ხმა ამოიღე,
სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი!
ვით ჩქერი მდორეს ჭრის და ერევა,
მორევს ღამისას სძრავს ეს ჭენება,
ასე შეხვდება ერთმანეთს ნგრევა,
ძველის ნგრევა და ახლის შენება.
პრესა აქ უდრის მერანზე უმალს,
პრესასთან ვცხოვრობთ, პრესასთან ვყივით,
ძველი ცხოვრების ყოველ სასთუმალს
პრესა აღვიძებს ახალი სხივით,
ყოველი სოფლის მიწას და ტატნობს
გამოფხიზლება უნდა ახაროს.
ტემპი! - მოესმის ქარხნებს და მადნებს,
ტემპი! - მოესმის ტყეს და მაღაროს.
ველებზე მისით ღელავს თივები,
მანქანა მიაქვს სახლისოდენა,
ტემპი! - მიჰყვირის კოლექტივები,
ტემპი! - ძაგძაგებს ელექტროდენა.
აქ წყალვარდნილი აგავს ნიაგარს,
იქ მძიმედ მიდის ალაზნის არხი,
ეძლევა ბუჩქებს, მტკიცეს და მაგარს,
ელექტროძარღვი, სიცოცხლის ძარღვი.
განა ჯერ ისევ ათი წლის წინათ,
როს პირზე ეკრათ მარქსი, ბებელი,
ბურჟუაზიას პრესა და ბინა
არ ჰქონდა ჩვენში ხელუხლებელი?
ხელუხლებელი არ იყო განა
ველად ნაშთები ფეოდალობის?
მემამულეებს ეჭირათ ყანა,
ნიშანი ძველთა მეფეთ წყალობის.
მდიდრებს უმღერდა პრესა, პოეტიც, -
როს საქართველოს - გზად გასადები -
ვით კოლონიას, სწვდნენ უცხოეთის
ბურჟუაზიის ავაზაკები.
ელვის სისწრაფით, ვით კინო-ლენტი,
წინანდელ პრესის გაიჭრნენ დღენი.
პრესა, შენ ვითომ სინათლეს ჰფენდი,
მაგრამ რა იყო ცხოვრება ჩვენი?
ანთებდა ხმლის და დანების წვერი
გაპარტახებულ ქოხსა და კარავს,
ჩამოძონძილი, ავი, მშიერი
ხმა აყრუებდა მიდამო-შარას:
დაჰკარი, დაჰკარ! ის ქართველია,
ეს სომეხია, ის თათარია.
იქნებ მუშაა, იქნებ გლეხია.
რა ვქნათ? სხვა რჯულის ბინადარია.
რა ხანა იყო! ძმამ ძმა არ ინდო,
მიწის გაჰქონდა პრესას ზანზარი,
როს შოვინიზმის ცეცხლი დაინთო
და ეროვნული შუღლის ხანძარი.
პრესა მდიდრების იყო მორჩილი,
სისხლში ცურავდა ქუჩა ნაგები...
ვინ ეცემოდა ყელგამოჭრილი? -
მხოლოდ ღარიბი და ღატაკები!
და შერცხვენილი გზის მეწამულის
იბრძოდა პრესა გაუტეხელი,
რომ მეფაბრიკეს და მემამულეს
მარადის სავსე დგმოდათ ბეღელი.
ისევე მდიდრებს და მხოლოდ მდიდრებს
თვით პოეზიის ართობდა ჩანგი,
აქ კი მონობა მშრომელთ აფითრებს
და დიად მიზნებს ედება ჟანგი.
აივსო ციხე კომუნარებით.
იწვის სოფელი აჯანყებული:
აქ აზიისკენ გაჭრილ კარებით
ორი გზა იყო დაჯახებული.
ნამდვილ პრესას კი ედო ბორკილი,
ისე გადახდა მტერს ერთი ასად,
როგორც დაღლილი და დაჯორგილი
იხუთებოდა პრესასთან მასა.
ტალღები მისი არა სცხრებოდა,
დინამიტებით ხან იქ და ხან აქ
იმუქრებოდა, ემზადებოდა,
მოუწოდებდა მებრძოლს, ამხანაგს.
ბოლოს მრისხანე მზემ ამოხეთქა
და გადალეკა მძიმე სურათი.
ახალმა ძარღვმა დაიწყო ფეთქვა:
რევოლუციურად.
რევოლუციურ პრესამაც აგრე
მძლავრად შემოჰკრა და მტვრად აქცია
მლიქვნელი პრესის ციხე-სიმაგრე -
შავი ცხოვრება და რეაქცია.
ეს იყო თვალის დახამხამება -
მომენტი რისხვის და წყევლა-კრულვის,
როცა უფსკრულში მიდის წამება,
და აუწერელს იწვევს სიძულვილს.
ის საქართველო გაქრა მონების,
გზა მისდევს მთაში კლდეებს ფრიალოს,
რომ იქ სიმართლის გაბატონების
წითელი დროშა ააფრიალოს.
მიწა სახალხო არის ქონება,
სასახლეებიც მისია სერზე,
ერთ ერს ნურასდროს ნუ ეგონება,
რომ გაბატონდეს მეორე ერზე.
სჭედს პრესა კედლებს, სვეტებს და თაღებს,
მას მოაქვს რკინა, ფოლადი, კირი,
დღეებს სიახლით აიარაღებს,
როგორც დამკვრელი და შრომის გმირი.
ახლა ვერავინ გაანადგურებს
საქართველოში დარისდარებას,
ფერო-მარგანეცს და ელსადგურებს,
მსხვილ ინდუსტრიის განვითარებას.
ღიაა შუბლი, ღიაა მკერდი,
რომელს აჩნია ბევრი ჭრილობა!
მარჯვედ, პირდაპირ!
ძირს გულგრილობა!
ჩვენი პრესა დგას ხელაღმართული
თავის უსივრცოდ დიდ ასპარეზზე,
უზარმაზარი ააქვს სართული
ინდუსტრიალურ ხე-ტყის არეზე.
მძიმე ბორბლებს რომ აბრუნებს ღვედი,
მსოფლიოს უნდა გახდეს მფლობელი,
მისით მეტყველებს მშრომელთა ბედი,
მისი ქალაქი, მისი სოფელი.
არის სიახლე, და მოძრაობა
აპობდეს გრიგალს, კლდესა და ღრესა,
პრესას არ უყვარს ტბა და ჭაობი,
მუდამ სიცოცხლით გუგუნებს პრესა.
შრომა ამ ჭაობს არღვევს მოსილულს,
გზა ახლა ლაფში აღარ ეფლობა,
პრესა აშუქებს დიდს, ძლევამოსილს
სოციალისტურ აღმშენებლობას.
ახლა ყოველგან, ყოველ კარავთან,
ყოველ დაზგასთან მივიდა პრესა,
ეძებს მინერალს საგაზაფხულოს,
უკან დახევა მას არ სჩვევია,
გამადიდებელ შუქით ნახულობს
მასაც, რაც ძნელი შესამჩნევია.
1931 წ.