შინაარსზე გადასვლა

პრიმიტივი

ვიკიწყარო გვერდიდან
პრიმიტივი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამეს
ვიღაც სალამურს გრძნობათ ატირებს,
ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს:
უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს.

გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებს
და მთვარე რონინს უფრო ახშირებს,
და გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემს.
და ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს.

მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს,
შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს,
აფრთოვანება აგიჟებს თარებს
და ისარის ფრთით ფიქრი მიფრინავს.

და მჯერა: ვინმე განთიადამდე
ისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას,
კივის... დაეძებს ნათესავს, ლანდებს
და ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს.