პროლოგი 100 ლექსის
იერსახე
პროლოგი 100 ლექსის ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:
იმ მრისხანე წელს პოეტი-მეფე -
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,
ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი...
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,
რომ გამომევლო ჯერარსმენილი
ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა .
და მომეტანა საქართველოში
სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!
1921 წ.