რუსთაველის ნეშტი
რუსთაველის ნეშტი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1909 წელი |
მგოსანო საქართველოსავ,
წამოიხედე ზეზედა,
იხილე შენი სამშობლო,
მიმოიარე მზეზედა.
შენი ერისა ჭაბუკნი
გიამბორებენ ხელზედა;
მართლდება შენი ნათქვამი
ათასზე განა ერთზედა?
თავისუფლდება მონები,
შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;
ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ
მზე მოეფინოს სწორადა;
აღარ ვართ გუშინდელები,
ვიქცენით ერთი-ორადა;
წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,
ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!
თავს სწირვენ ნესტანისათვის
ტარიელივით ლომადა.
და ივერიის დიდებას
ხალხს აუბნებენ შორადა.
აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით
ნათქვამნი ჩასაქოლადა.
თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;
დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.
ვიცი, რომ გიამებოდა,
გულს ვარდად დაისახავდი
სახესა ვაჟკაცებისას.
მიიღე, როგორც შვილები,
თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,
შენი სამშობლოს გმირები.
აკურთხე შენის მარჯვენით
ეგ მარგალიტის ღილები,
სამშობლოს მკერდით აჭრილნი,
მისთვის დამწვარი ცვილები.