შინაარსზე გადასვლა

სასაფლაოზე ქარი დაძრწის

ვიკიწყარო გვერდიდან
სასაფლაოზე ქარი დაძრწის
ავტორი: ანა კალანდაძე
1945 წელი


სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით...
დუმს სასაფლაო ქვის ძეგლებით,
ვით ძველი ქალდუ...
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...
ყვავნი სამრეკლოს გარს უვლიან
და თვალთა კრთომით
დაეძებენ მყუდრო სავანეს...
და ტირის თოვლი
ობოლთ სამარეს...
დუმს სასაფლაო სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს...
კითხულობს მთვარე
ქვის ძეგლებით უძველეს ქართულს-
ნუსხურს და მთვარულს...
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...