შინაარსზე გადასვლა

სიტყვა ეული

ვიკიწყარო გვერდიდან
სიტყვა ეული
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1894 წელი


სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? – ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულგაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა…
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ, გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილისმყოფელი.
ვიცინი… იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, –
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილჩამოხეულმა…