შინაარსზე გადასვლა

ფშაველი ჯარისკაცის წერილი

ვიკიწყარო გვერდიდან
ფშაველი ჯარისკაცის წერილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1914 წელი


გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!
თვალებს ნუ ითხრი ტირილით,
გულს ნუ ისერავ დარდითა!
ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,
კიდევ ცოცხლები დავრჩითა.
ხვალ ისევ ომში გვიწვევენ
გაკვირვებულნი გარჯითა,
თამარ დედოფლის ბარტყების
გულოვანობით, მაჯითა.
ვცდილობთ, რომ საქართველოსა
ვუშველოთ ჩვენის ხარჯითა.
სამშობლოს ბედნიერება
არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა,
ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,
ნამუსი დავიცავითა.
რუსეთში მყოფი ვნატრულობ,
სამშობლო ვნახო თვალითა.
ერთი რამ უნდა გაუწყო,
გავკვირვებულვართ ამითა:
როცა ომი გვაქვ ქართვლის ჯარს,
ნათელი გვიძღვის ღამითა;
კაცი რამ ლურჯცხენიანი,
ამოღებულის ხმალითა,
მაღლიდან თავზე დაგვბრუნავს
ტურფა იერით, ტანითა.
სახე აქვს შავად მოცული
მას დიდის კაეშანითა.
ეს ჩვენი ჩუმი მფარველი
ლაშარის ჯვარად ვსცანითა.

როცა მისწყდება თოფის ხმა
და ზარბაზნების გრიალი,
გრძნობები დამიყუჩდება,
არ მესმის ბრძოლის ზრიალი,
ფიქრით შინა ვარ… საჩეჩლის
კბილების მესმის წკრიალი.
გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფარტენას
ცრემლი გისველებს ტიალი!
ეგ ხო ჩემ საჩოხედ გინდა!
ნაკურთხი დედის ცრემლითა
არ გაიჭრება მახვილით,
არ დაიწვება ცეცხლითა.

რა დიდი ღამე გასულა,
შენ კი სძილ-ფხიზლობ კერაზე!
ეგ შენი გლოვა უფალმა,
ვსთხოვ, შაგიცვალოს მღერაზე!
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად,
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
ნეტავ, თუ არ გვატირებენ
ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?!
ნეტავ, თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი, -
არ იქცა საყოვ-ყორნედა
ჩვენი ლამაზი ალაგი.
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებს
ლაჩარის შვილის ყოლაზე.