შინაარსზე გადასვლა

ქართლს

ვიკიწყარო გვერდიდან
ქართლს
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1912 წელი


ქართლო, დარდების ამშლელო,
გულ-მაგარ ძეთა მხარეო!
რო გნახე, გული აძგერდა,
ფიქრი მეწვია მწარეო.
არა ვსთქვა, ისა სჯობია,
გულშივე დარჩეს ბარეო.
დავჯე, დავიწყე ტირილი,
ცხარე ცრემლები ვღვარეო.

ათას დარდებში გამხვიე,
ლამაზო არე-მარეო!..
ტირილით რაღას ვუშველი,
ფიალაც გამოვცალეო.
შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო.
გაღმით რომ გორიჯვარია,
საოცნებოა რამეო.
გორის თავს გალავანია,
დიდს მთის კლდეს შევადარეო;
ბევრი უნახავს ვაება,
ცრემლი და ომი ცხარეო;
რა დამავიწყებს იმ წამსა,
როს დაჰნათოის მთვარეო!
ეამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,
ლიახვსაც ვემუდარეო,
მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,
ურყევი, დაუმცდარეო;
მათ ზიარი აქვთ სიცოცხლე
ერთი-სხვის გასახარეო.
რა ვნახე იმათ ძმობაი,
ცრემლები გადმოვღვარეო.
ტირილით ვეღარ ავავსებ,
ფიალა გამოვცალეო.

შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო!