შინაარსზე გადასვლა

ჩემი წუთისოფელი

ვიკიწყარო გვერდიდან
ჩემი წუთისოფელი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


ვუძღვნი ჩემის მშობლების, დედა - გულქანის
და მღვდ. პავლე რაზიკაშვილების ხსოვნას.

 I
 ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს.

 ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური.

ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე “ლექსობს”; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედა-ჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურ დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა და სამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა.

 ერთმა შემთხვევამ სიბრალულისა და ქველობის გამო ერთხანად დაცინვის საგნადაც გახადა მეზობლების თვალში და მამაჩემისაგანაც დიდი სამდურავი მიიღო.

რაც ჩვეულებრივი არ არის ფშავში, საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები; დაენახა-რა დედა-ჩემს ეს შიშველ-ტიტველი ხალხი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშის ბალღები, დაეწყო ტირილი. ამის მეტად არ ენახა და არც გაეგონა. “ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოვიხილეო”, თურმე გაიძახოდა. გამოიტანა თურმე თავის ახალი კაბები და, რადგანაც ყველას მთელი არ შეხვდებოდა, თურმე ჰხევდა და ამ ნახევებს ურიგებდა: “აი ეს დაიკერე, ჩაიცვი შე ბეჩავო!..” ამ ამბავში რომ იყო დედა-ჩემი და ქველობას ეწეოდა, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში, გააღეს სკივრი და ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ... ეს მხოლოდ მაშინ გაეგოთ, როცა ბოშები სამშვიდობოს გავიდნენ... შინ დაბრუნებულს მამა-ჩემს გაეგო მათი ვინაობა და, როგორც ცხოვრებაში გასულს კაცს, ეცოდინებოდა მათი ზნე-ხასიათი, გაესინჯა სკივრი და, რა დაგიკარგავ, რას ეძებ! ეს ამბავი მამა-ჩემმა მოიტანა თელავში, სადაც მე და ჩემი უფროსი ძმა ვსწავლობდით სასულიერო სასწავლებელში.

 ჩვენი სახლი ზედ გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდ-მოდიოდა მგზავრი, თუ ფშაველი, თუ ხევსური.

დედა-ჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლდებოდა: “დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!” - ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი და უნდა ვსთქვა, რომ ჩვენი ოჯახიც შეძლებული იყო, რადგან მამა-ჩემი გარდა პირადის სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა. რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა და თელაველები ეყენა. მამა-ჩემიც თუმც არ იყო ხელგაშლილი და კიდევაც უშლიდა დედა-ჩემს: “ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა და წყალსაო,” - სტუმარი მაინც უყვარდა... ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი. გარდა სასულიეროსი, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შაეძინა, არ წაეკითხა. დღე და ღამეს, რომ იტყვიან, ასწორებდა, არ იცოდა ძილი რა იყო, და საშინლად ეჯავრებოდა, ჩვენ, სკოლიდან კანიკულებში შინ დაბრუნებულნი, დილის ძილს რომ გავიპტყელებდით.

“ადეგით, ბიჭო, პური მაინც არ მოგშივდათ?” - დაგვძახებდა საქმიდან დაბრუნებული, პიროფლიანი.

 - დაანებე თავი, შენთ მკვდართ ცხონებასა, კაცო, ეძინოს მა ბალღებსა! - შეჰნიშნავდა დედა-ჩემი და მოუვიდოდათ ამაზე ჩხუბი. ეჩხუბებოდა მამა-ჩემი, თორემ დედის ჩხუბი რა სათქმელია, იტყოდა რა ამას, სულს გაჰნაბავდა და მოწიწებით ყურს უგდებდა ქმრის ათასნაირს შენიშვნას და საყვედურს.

 “ეძინოსთ?! მე ვიცი კაცობას და ცხოვრებას ძილით იპოვნიან, თქვენ ნუ დამეხოცებით. სად გაგონილა ამდენ ხანს ძილი, აგერ შაჰხედეთ მზესა, შუადღე მოვიდა”... - ბობოქრობდა იგი.

 უწადინოთ ჩვენ, ძმები, ქვეშაგებიდან ზოგი საიდან წამოვყაყვავდით თავებს და ზოგი საიდან, რადგან განცხრომით ძილის გაგრძობა შეუძლებელი იყო და მორივით გდებაც ქვეშაგებში არაფერსა ჰგვანდა.



 დანაშაულობისათვის სიტყვით სასტიკად შვილების დამსჯელი, უმისოდ ჩვენი ტოლი და ამხანაგი იყო, გვებაასებოდა ათას საგანზე, საბაასო საგანს თავადვე გამოსძებნიდა. უყვარდა დიდებულ, გამოჩენილ ისტორიულ პირებზე ლაპარაკი. დავით აღმაშენებელი უყვარდა ყველაზე მეტად ჩვენს მეფეებში, აღტაცებით იტყოდა ხოლმე: “იცით, დავით აღმაშენებელს წიგნების კითხვა როგორ უყვარდა: ნადირობის დროსაც კი, არ ვიტყვი ლაშქრობაში, როცა სადმე მოსარეკში გეზზე იდგა და ნადირს უცდიდა, ცალ ხელში წიგნი ეჭირა და მეორეში მშვილდ-ისარიო...” უცხოელებთაგანი - ნაპოლეონი და გამბეტტა, მწერალთაგანი - ვიქტორ ჰიუგო. “ნაპოლეონიო, სადღაც ჟურნალში წამიკითხავს, როცა ფიქრობდა, თითქოს გახურებული ღუმელი ყოფილიყოს, ისე ალმური ასდიოდა სახეზეო. აი სად იხატება ძალა ნიჭისა და ადამიანისა... ერთხელ პარლამენტში ვიქტორ ჰიუგო სიტყვას ამბობდა და მთელმა პარლამენტმა დაუყვირა: “გაჩუმდიო!” - თქვენ გაჩუმდით, - მიუგო ჰიუგომ და განაგრძო თავის სიტყვა, არა გაქვთ ნება ბოლომდის არ მოისმინოთ ჩემი სიტყვაო. მართალიც არის.

არ შეიძლება მთელი პარლამენტის ჭკვას ერთი კაცის ჭკვა სჯობდეს? სოფელი ვინ? - ერთი კაციო, ნათქვამია, ჰა ბეჩავ კაცო! აი იმისთანა ბოღრა უნდა გაზარდოს დედამა!” ეპიტეტი “ბოღრა” დიდებულ ადამიანების სამკაულად ჰქონდა მამა-ჩემს შენახილი და ამითი ჰსახავდა მათ დიდბუნებოვანობას, შეუდრეკელობას, მძლავრობას, ენერგიის სიდიადეს.

 მამა-ჩემს სკოლა თვალით არ ენახა, “ან-ბანი” მწყემსობაში შაესწავლა ჩუმად, ქურდულად, რადგან დედ-მამა უშლიდა თურმე სწავლას.

მამა თოფით დასდევდა მოსაკლავად, სწავლა ეშმაკეული საქმეაო. მაგრამ მამა-ჩემი თურმე თავისას არ იშლიდა, განაგრძობდა სწავლას, სწერდა სიპ ქვებზე, რაიც ფშავის ხევში მრავალია. ქაღალდს ვინ აღირსებდა ან კი? ფშავის ხევს იმ დროს ხევისბერები და მკითხავ-ქადაგები განაგებდენ, თემთა ბატონ-პატრონნი ისინი იყვნენ, მთელი ხალხი მუჭაში ეჭირათ და საითაც უნდოდათ, იქითკენ უზამდენ თავს, რამდენიც ჰსურდათ, იმდენს ხარჯს შეაწერდენ ხატის სასარგებლოდ, რომელიც ბოლოს იმათ ჯიბეს და კალთას არ ასცდებოდა. მამა-ჩემის სწავლა იმათ არ ეპიტნავებოდა, რადგან მათთვის სასარგებლოს ეს სწავლა არას მოასწავებდა და საზიანოს კი ბევრს.


 II


 მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ-დიაკვნად იყო სოფ.

მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა-კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი სამღთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგ-ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ... და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა-ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ-მეთქი. მაინც ამ “თმიანობამ” თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი. რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე.

ვეფხის-ტყაოსანი, მზე-ჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი, (ჩუბინაშვილის ქრისტომატია), გრიბული ჟორჟ-ზანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ წიგნებად; ერთხელ წაკითხვას როდი ვჯერდებოდი, რამდენჯერმე უნდა ერთი და იგივე გადამეკითხა. საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყვანდი და სწორედ ის ხანა დაედვა საძირკვლად, ლიბოდ, ჩემს შემოქმედობას. ერთხანად ბერად შედგომაზედაც კი ვოცნებობდი, მაგრამ შინაურებმა მასხარად ამიგდეს და ამ ოცნებაზე ხელი ამაღებინეს ჩემდა უნებურადა. დედა-ჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამეჭდია გულში მის მიერ ნანახი იაკობისებური ცხად-მოჩვენება, რომელსაც შემდეგ, როცა მოვიზარდენით და მეცნიერებას ცოტაოდნად ვუსუნეთ, აღარც-კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა დასარწმუნებლად: “ჯერ ისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი”, - ამბობდა დედაჩემი, (ვეცდები იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) - “მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია) გარეთ დერიფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შაშინებული წამოვჯე ლოგინში, გავხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვნის გორითა, გადამბულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდენ და ჩამოდიოდენ და ისეთ მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო”.



 ამ მოჩვენებასაც, რა თქმა უნდა, თავისი ძალა ჰქონდა და მაფიქრებინებდა, რომ ჩვენი დედ-მამის და მის შვილების სვე-ბედში განგება მონაწილეობას იღებდა...

 რვა წლისა თელავში სასულიერო სასწავლებელში მიმაბარეს. სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერ საზრდოს, იძულებული ვიყავ მიმემართნა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი რაც შემხვდებოდა, განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყვანდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისაც არაფერი გამეგებოდა, უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს, ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა. ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულ-ლათინური ფრაზა, - ქართულს ვინ გვაღირსებდა, - რუსული “ბილინების” ცოდნა, რასაც გულმოდგინედ ვსწავლობდი და რუსულის მასწავლებელიც, თუ არა ვსცდები, სვიმ. რცხილაძე, კარგად გვასწავლიდა.

სამაგიეროდ, კრივი კარგი ვიცოდი, ვინაიდან მუდამ შაბათ-კვირაობით, უქმეებში კრივი იმართებოდა და ყველასთვის ფართო ასპარეზი იყო გადაშლილი და, თუ ინსპექტორი ტარიელოვი არ წამოგვაწყდებოდა მე და ჩემ ამხანაგებს, ნეტავი ჩვენ, და თუ ის აგვიჩნდებოდა ქარიშხალად, ცუდად იყო ჩვენი საქმე, დაგვანიავებდა. კრივში ჩემს საუკეთესო ამხანაგად ითვლებოდა ჩვენებური მღვდლის შვილი, შაქრო მაღალაშვილი... სახლის პატრონთანაც ერთად ვიდეგით და კრივშიაც ერთად ვმოღვაწეობდით. ჩვენი სახლის პატრონი, კირილე კოლოტაძე, მედავითნე, ძველებური კაცი, რომელმაც ჩემს გვარს არ დამაჯერა, რაზა გადააკეთა, ხოლო მაღალაშვილის გვარიდან კოჭაკი გამოიყვანა, როცა კრივიდან დაბეგვილ-დაქანცულს მომიხდებოდა შინ დაბრუნება, მომმართავდა თავის დანჯღრეული რუსულით: “ტი, რაზიკოვ ზდეს, ა კოჭაკოვ (მაღალოვი) ღდე?” უნდა მოგახსენოთ, რომ მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც-კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება “ოვი”-თ.

 მასწავლებლები, სკოლის უფროსები კრივს გვიშლიდენ და იმას როდი ფიქრობდენ, თუ ჩვენ ვიყავით დასასჯელნი მიტომ, რომ ვკრიობდით კვირაში ერთხელ, ისინი უფრო მეტის სასჯელის ღირსნი იყვნენ, რადგან მუდამ დღე კრიობდენ, ჩვენ გვეკრიებოდენ ხან მუშტით, ხან როზგით. მე პირადად ამ მხრივ ბედნიერი ვიყავ, რადგან როზგსა და მუშტებს ვრჩებოდი.

მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელს-ღა იყო. შემდეგ აკრძალეს.

 რა გასაკვირველი იყო, მასწავლებლების ჯავრი სხვაზე ამოგვეყარა? ან იმათ ნაჩვენები მაგალითი ჩვენც გაგვემეორებინა? ისინი კლასში იქნევდენ მუშტებს თვის მოწაფეთა შორის, რომლებიც განსაკაცებლად მიაბარეს და არა გასამხეცებლად, რომ ჩვენც იმათ მაგალითისთვის მიგვებაძა და უცხოებისთვის თავ-პირი გვემტვრია!..

 ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელი ჩვენის არსებით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღრწევიყავით ტანჯვა-წვალებას ბრჯღალებიდან.

დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს, და მით უმეტეს უბედურები არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ ჰგრძნობენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: “სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვეროში გატკბილდებაო”. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: “უჩენიე - მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე”.

(სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუ თუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?..

 სიყრმის დროს ერთი ზნე მჭირდა, - თუ ვისმე რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა, უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი: აქებდენ კარგ მოკრივეებს - მეც ვკრიობდი, რომ კარგი მოკრივის სახელი მომეხვეჭა. აქებდენ კარგ მოჭიდავეს - მეც ვჭიდაობდი, რათა ფალავნის სახელი გამეთქვა. ამ ორ საქმეში არ იყო, რომ მიზანს არ მივაღრწიე. მაგრამ სახელის მოხვეჭაზე სიარულმა საცინელ მდგომარეობაში, სწორედ ნერონის მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი. იყო ვინმე მთავარი თელავში, რომელიც სობოროში ემსახურებოდა.

სასულიერო სასწავლებლის მოწაფენი მუდამ იქ დავდიოდით წირვა-ლოცვაზე. ეს მთავარი დიდი ხმის პატრონი იყო, ყველა ხმას უქებდა: “რა ხმა აქვს ვანო მთავარს, რა ხმა, ძალიან ბასი აქვსო!” ოჰ, ეს ჩამწვდა გულში: როგორ თუ ვანო მთავარს ბასი აქვს და მეც კი არ უნდა მქონდეს-მეთქი. ვიჭიფხებოდი, ვყვიროდი თავისთვის, ვიბერებოდი, ვატანდი ხმას ძალას, რომ გამებოხებინა, და იქამდე დავტანჯე თავისი თავი, გულმა ტკივილი დამიწყო... გალობის მასწავლებელი როცა ხმებს არჩევდა შეგირდებიდან მგალობელთა გუნდის შესადგენად, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ მან ჩემში არამც თუ ბასი, ტენორი, არამედ არავითარი ხმოვანება არა ჰპოვა. დავრჩი გულნაკლულად, მაგრამ რა გაეწყობოდა: თავს მხოლოდ იმითი ვანუგეშებდი, რომ მასწავლებელს ალბათ ვეჯავრები-მეთქი, ხოლო რომ ბასი ვიყავ, ეს უეჭველადა მწამდა და მოველოდი სხვა დროს, სხვა მასწავლებელს, რომელიც ჩემს “ბასს” ჭეშმარიტ ბასად სცნობდა.

 ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ, რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა; მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი, რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავ იქ, საცა ჩემი “სატრფო” მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი იმის ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს! მალე იძულებული შევიქენ განვშორებოდი თელავს და ჩემს სატრფოს.

როგორ გგონიათ, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ჩემი იქ ყოფნა, გამოვიდოდა რამ ჩემი სიყვარულიდან? არაფერი. რადგან ქ. თბილისში რომ გადავედი, თელაველი სატრფოს სიყვარული სხვაზე მიმივარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც პირველსა ჰგავდა, “შორით კდომა, შორით დაგვა” იყო ჩემი ნუგეში და, ვიდრე არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე...