შინაარსზე გადასვლა

ჩხიკვთა ქორწილი

ვიკიწყარო გვერდიდან
ჩხიკვთა ქორწილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1893 წელი


ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკ ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მხცოვანი ჩხიკვი თომა.

თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოსთქვა: “აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანერთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი მონისა შენისა ზაქარასი და მხევლისა შენისა ქეთევანისა. ამინ”. სთქვა რა ეს, ორივეს ტურფა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე. “ამინ!” “ამინ!” - გაისმა გვრგვინვით ხმა აქეთ-იქიდან. ამას იძახდნენ სტუმრად მოწვეულნი ფრინველნი: ჩხიკვნი, ქერონები, წიპრიები, ნიბლიები, კაკბები, გნოლები, ღობემძვრალები, ბოლოცეცხლები, ჭივჭავნი, გვრიტნი, ტრედნი და სხვანი მრავალნი. ტევა აღარ იყო, იმოდენა სტუმრებს მოეყარათ თავი. საქეიფოდ მშვენიერი ადგილი ამოერჩიათ: ერთი ტაფობი ხშირყვავილიანი, ბალახით დაფენილი და უზარმაზარი ხეებით დაჩრდილული. ყვავილებსაც უხაროდათ, ისინი ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი. იქვე ცივი, ანკარა წყალი გამოდიოდა. სუფრა გრძლად იყო დაფენილი და ზედ ათასნაირი საჭმელები და ხილეულობა ელაგა. რა ჯურის ჭიას და ბუზს იტყვით, აქ არ მოეტანათ, - ბალახთა თესლი ათასნაირი...

ნეფე-დედოფალი მიიწვიეს ყვავილებით დაფენილს ტახტზე და წვეულნიც წამოსხდენ მწკრივად. გაიმართა დიდი სმეულობა და ჭმეულობა. ათასნაირი სასმელები ისმეოდა: კახური ლალისფერი ღვინო წყალივით მოდიოდა სუფრაზე... ყველამ ადღეგრძელა ნეფე-დედოფალი და ყველამაც ძღვენი მიართვა.

იქვე კოდალა მჯდარიყო ერთ ყუნწზე ფუღუროში და იმან “მრავალ-ჟამიერი” დაიძახა.

- შენ, ეი, მყვირალავ, ღვინოს-კი არა სვამ, შვილონიავ, და რა იქნება? ღვინო დალიე, და! - შეუძახეს კოდალას ერთხმად ფრინველთა.

- მოიცათ, კაცებო, ცოტა ხანი დამაცადეთ, ღმერთი გადღეგრძელებთ: აქ ერთი კაი მსუქანი ჭია ვიპოვნე, ის მინდა გამოვთხარო და მერე, რამდენიც გინდა, ღვინო მასვით, ფიქრი აღარა მაქვს, გულდამშვიდებით ვიქნები, - მიუგო მათ კოდალამ და თან ნისკარტით დაუწყო ფუტურო ხეს ჩიჩქნა. ყველამ თვალი კოდალას მიაპყრო.

- აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, - მისძახოდენ კოდალას ფრინველნი. - თუ არ გამოგიყვანია, ვაი შენს ტყავს, პურს აღარ გაჭმევთ, იცოდე.

კარგა ხანს გაუდიოდა ფუტურო ხეზე კოდალას ნისკარტს და ფეხებს ფხაკუნი და არც ტყუილად: კოდალამ გამოათრია კარგა მოგრძო ჭია, გველის ჭარის მსგავსი, და ნისკარტით მიართო ნეფე-დედოფალს.

- გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! - დაიყვირა კოდალამ მაღალის ხმით. - კამპანიასაც გაუმარჯოს, ურა!

- გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ურა! ყოჩაღ, კოდალა! ბარაქალა, რომ არც თავი შეირცხვინე და არც ჩვენ, - ჰყვიროდენ ფრინველნი. თამადამ “საკარგყმო”, რადგანაც ვაჟკაცობა გამოიჩინა კოდალამ, ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა; იმანაც სულუქცევრად გადაჰკრა და გადაუგდო თამადას ცარიელი ჯიხვი. თამადად იგივე მოძღვარი ჩხიკვი თომა ამოერჩიათ.

- პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო. - სთქვა ყვავმა და თავის მშვენიერის ხმით შემოსძახა სუფრული. ყვავს მისცეს აქეთ-იქიდან ბანი და გაძლიერდა მღერა ისე, რომ ტყეს ჭახჭახი გაჰქონდა. მთა-ბარი ზანზარებდა. ყვავილები სიცილით იხოცებოდენ. აქვე ახლოს ერთს თაგუნასა ჰქონდა სორო. ხმაურობაზე საღერღელი აეშალა და გამოიხედა სოროდან გარეთ. დიდხანს უცქირა ფრინველთა ნადიმს, შექცევას, ჰხედავდა მსუქანს, ნოყიერს საჭმელებს, ფერად-ფერადს, ნაირ-ნაირს და ხარბად ჰყლაპავდა ნერწყვს ნერწყვზედ. ითმინა დიდხანს და ვეღარ მოითმინა: რაც მომივა მომივაო, სთქვა; მიცუნცულდა ახლოს, ისკუპა და პირდაპირ ნეფე-დედოფლის წინ თხილიანს სუფრაზე დასკუპდა.

- ვინც მოვიდეს, გაუმარჯოს! გაუმარჯოს წრუწუნას! - გაისმა საერთო ხმა ფრინველთა. - ჰოი, შენი ჭირიმე, რო დაგვხედე, ბიჭო! - ეუბნებოდენ თაგვს შეზარხოშებულნი ფრინველნი.

- გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ, გენაცვალეთ, იცოცხლეთ და იხარეთ, მუდამც ლხინი და კაი საქმე ნუ მოგიშალოსთ უფალმა დამბადებელმა, - ამბობდა თაგვი და თან ერთს გულიანს თხილს ჩასციებოდა, კბილით აკნაწურებდა ნელ-ნელა.

- ღვინო მიართვით წრუწუნას, ღვინო, - დაიძახა თამადამ, - მაგას ჩვენოდნობამდის ბევრი აკლია.

- ღვინოს არ გიახლებით, გენაცვალეთ, თხილი ჩემის თვალის სინათლესაც მირჩევნია, თქვენ გაატარეთ დროება; მე თხილს ვაკნაწურებ, არაფერი მიშავს.

- არ გიახლებით, რა სიტყვის პასუხია! ჰა, დალიე, თორემ თავზე დაგასხამთ ღვინოს, - უთხრა შეტევით თამადამ თაგვს და ჯიხვი კოდალას მიაწოდა. კოდალამ ჩამოართო თომას ჯიხვი და მიუჯდა წრუწუნას ახლოს.

- დალიე, ე, ძმობილო, ქორწილია, განა ის ხომ არ არის! თხილი აკნაწურო, რა ბრძანებაა! ჰაი, თუ აკნაწურებ შენცა, ჰა, ჩამომართვი ჯიხვი-მეთქი, - უთხრა კოდალამ და თან ჯიხვი მიაწოდა.

- ვერ დავლევ, თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, არ შემიძლიან და რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, - მიუგო მას თაგვმა და პირი მოარიდა.

- დაასხით, თავზედ დაასხით მაგ ვირიშვილს, მაგას! - დაიყვირა თამადამ, - მაშ, ნეფე-დედოფალი არ უნდა ადღეგრძელო, შე ბრიყვო, შენა!?

- ჩემს დღეში ღვინო არ მისვამს, კაცებო, ეხლა უნდა დამაჩვიოთ ღვინის სმასა?! როგორ იქნება, რა ახირებაა მაინც და მაინც!? პატიოსანი, დარბაისელი ხალხი ბრძანდებით. აი, ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოდ ერთს რკოს გიახლებით.

- დაალეინე, დაალეინე მაგ რაზბონიკს, მაგას, ძალათი უნდა დალიოს, არ შაიძლება. აქ რისთვის მოეთრეოდა, თუ ღვინოს არა სვამდა, დაალეინე, დაალეინე, - ისმოდა ფრინველთა ხმა.

კოდალამ დასტაცა წრუწუნას ცალის ხელით კისერში, მეორე ხელით პირში მიაგება ღვინით სავსე ჯიხვი და დაუწყო ძალათი სმევა.

- შენი ნება თუ იქნება, კი ვიცი, არ მიირთმევ, ვაჟბატონო, მაგრამ აქ თამადის ნებაა. უყურებ ამოდონა დუნიას, ერთი არ არის, აქ ღვინოს არ სვამდეს, ერთი შენ გამოსჩნდი აქ ახირებული. ჰა, გაუბედე, გაუბედე, ცოდო არ არის დედის რძესავით ღვინოს პირს არიდებდე, შე უჯიშოვ, შენა?

თაგვმა რის წვალებით ჩაყლაპა რამდენიმე წვეთი და თან წრუწუნებდა, ეტყობოდა, არ ესიამოვნებოდა ღვინო.

- გაუბედე, წრუწუნავ, გაუბედე! აბა და ჰა! ემანგრე, მანგრე! ა, ყოჩაღ, ბიჭო! - დაჰკიჟინებდენ თაგუნას ფრინველნი.

თაგუნამ დაიწკიპა, დაიჭიმა ყელის ძაფები, შეებრძოლა ღვინოს და გადაჰკრა, დასცალა. ხოლო ხავერდის ქულაჯაზე გადაესხა ცოტაოდენი ღვინო.

- ქულაჯაზე ნუ მასხამ ღვინოს, ე, ჩერჩეტო, განა შენს ხაჩანის ფაფანაკსა ჰგავს, რომ აგრე ბრიყვად ექცევი?! - შეუტია კოდალას. მერე ღრმად ამოიხვნეშა. სულ უკანასკნელი ყლაპი-ღა აკლდა და დაიყვირა: გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! გაუმარჯოს, ეჯიბო, შენს ნეფეს!..

- გაუმარჯოს, გაუმარჯოს! მოცალა, მოცალაო! - ისმოდა აღტაცებული ხმა.

წრუწუნას მალე მოედო ღვინო და მოჰყვა ბაიათებს. ისე მღეროდა, რომ წრიპინით ყველას ყურები გამოუჭედა. მერე ცეკვაც დაიწყო. ხალხს სიცილით ჰხოცავდა. იმას კაჭკაჭი აჰყვა და დავლურს უვლიდენ ორივენი. ყვავებს მუცლები ხელით ეჭირათ, იმდენს იცინოდენ ამ სურათის მნახველნი.

- უჰ, დავიღალეო, - სთქვა ბოლოს თაგვმა; მართლაც პირზე და გულ-მკერდზე ხვითქი გადასდიოდა. იქვე სუფრის ახლო წამოწვა. გამობურთული ფაშვი ზეცას მიაპყრო და ისე ჰქშინავდა.

სულ ბოლოს სუფრაზე ბულბული იჯდა; მგალობელი ჩიტი არა ლხინობდა, არ იცინოდა; დაღონებულ-დაფიქრებული უცქეროდა სეირს.

- მშვენიერო ბულბულო, რატომ შენს მშვენიერს ხმას არ გაგვაგონებო? - შესთხოვეს ბულბულს ფრინველთა.

ბულბული უარზე დადგა; განა ყოველთვის ვარ სიმღერის იშტაზე, უგუნებოდ გახლავართო, - სთქვა მან.

როგორც იყო, ფრინველთა ხვეწნა-მუდარამ გასჭრა და ბულბულმაც დაიწყო. ფრინველთ ხმა გაკმინდეს, ბუზების ფრენა ისმოდა, ყვავილთ სული განაბეს და მოტრფიალე თვალებით შესცქეროდენ მგოსანს. ბულბულმა დაამღერა:

დიდება შენდა, ცათა მპყრობელო,
დიდება შენდა, ბუნების ძალო, -
დიდება, მეფევ გვირგვინოსანო,
და გადღეგრძელოს შენც, პატარძალო!
სიყვარულისას დავსწნავ გვირგვინსა,
სათნოებითა მოვქარგავ გარსა,
არ დავინანებ, ყველას შიგ ჩავქსოვ,
თუ ქვეყნად რასმე კი ვპოვებ კარგსა.
და წრფელის გულით გამეტებულსა
იმას დაგადგამთ, ქალ-ვაჟო, თავსა.
სიყვარულია თვით ჩემი გული,
სხვისაც თუ ვნახე, მომიდებს ალსა,
დღეს თქვენი ტრფობა უდიდესია,
და ამით იპყრობს ჩვენს გულს და თვალსა.

ამ დროს შორი-ახლოს ხარი-ირემი გამოჩენილიყო და გულმოდგინედ უგდებდა ყურსა ფრინველთა მღერას, ბულბულის სტვენას. ბულბულის სტვენამ ნაღველი აღუძრა გულში. რაღაც მოაგონდა, თვალებზე ცრემლი მოუვიდა, ამოიოხრა და გაბრუნდა, მიეფარა უღრანს ტყეს.

ფრინველთ გააბეს საერთო მღერა. ერთს სიმღერას ამბობდენ ყველანი, ხოლო თავ-თავიანთს ხმაზე-კი. ამ სიმღერაში ბუნების ქება იხატებოდა, ტყისა და დედამიწის მადლი. ამ მადლს მადლობას უძღვნიდენ ფრინველნი. ამ დროს თვალის ვლებით გადმოიარა არწივმა; “არწივი!” ”არწივი!” გაისმა ხმა: “მეფე მობრძანდებაო!” ერთბაშად ყველას ჩაუვარდათ მუცელში ენა, ხმის ამოღებას ვეღარ ჰბედავდენ; ყველანი ცახცახმა, კანკალმა აიტანა.

მართლაც და საშინელი სანახავი იყო ამ დროს არწივი: რა უნდოდა? ერთის დატევების მეტი კი არ მოუნდებოდა, რომ მთლად ბურნუთად ექცია ფრინველთა ბრბო.

- რად შეჰკრთით, ხალხნო? ხმა ამოიღეთ. განა მეფე ჩვენს შემუსვრას იკადრებს, მოიწადინებს?! - ეტყოდა ფრინველთ ჩხიკვი მოძღვარი: - თუ მეტყვით, ამ წუთას აქ მოვიწვევ მეფეს.

ზოგნი უარზე დადგნენ; იმის თვალების ბრიალს ვინ გაუძლებსო. ამბობდნენ: ჩვენ კი ვეღარას ვისიამოვნებთ და რა იქნებაო. სხვებმა მოუწონეს, მოვიწვიოთ, მოვიწვიოთო.

მოძღვარი ჩხიკვი წავიდა სრიალით აღმა და გაუთამაშა წინ ფრინველთა მეფეს. არწივმა სიარული არ შეშალა, თითქოს ბუზი უფრინავდა წინა.

- გაუმარჯოს შენს დიდებულებას, ჩვენო მეფევ, - მისცა ქუდმოხდილმა ჩხიკვმა სალამი არწივს.

- გაუმარჯოს ჩხიკვსაც, - სთქვა მან დინჯად.

- ჩვენო დიდებულო მეფევ, გთხოვთ ქორწილში გვეწვიოთ. გთხოვთ გულით და სულით; მუხლმოყრით გევედრებით მთელი შენი საყმო; თუ გვიკადრებს შენი დიდებულება, დიდად მაღლობელნი დაგრჩებით, თავს შემოგევლებით.

- შეიძლება, რატომ! - სთქვა არწივმა. - გამიძეღ წინ!

ჩხიკვი დაეშვა თავქვე და არწივმაც შემოიკეცა თავისი მძლავრი ფრთები და დაეშო თავქვე. ეს სურათი ცის მოგლეჯას ჰგავდა.

მთელი ფრინველთა გუნდი წამოიშალა და ჟივილ-ხივილით მიეგება წინ თავის მეფეს. არწივმაც თავისებური სალამი მისცა ფრინველთა კრებულს.

მოიწვიეს მეფე და დასვეს თავში. ყველანი ფეხზე იდგნენ ქუდმოხდილნი. ბულბული არა სჩანდა მხოლოდ აქ.

- შეგიძლიათ დასხდეთ, - უთხრა მათ არწივმა და ფრინველნიც უფროს-უმცროსობის წესზე დალაგდენ.

ეს ამბავი ორშაბათს დღეს მოჰხდა. ტყეში წასული ხალხი, თუ სამუშაოდ, თუ სანადიროდ, გაოცებული რჩებოდა. ამბობდა ყველა: ეს რა ამბავია, რამ გააწყო ჩიტები, რომ ერთის ხმაც აღარსაიდან ისმისო.

ხალხმა რა იცოდა, თუ ფრინველნი ჩხიკვთა ქორწილში იყვნენ, - განცხრომასა და ქეიფში.

არწივს მიართვეს ღვინო ჯიხვებით. იგი დაუზარებლივ სვამდა და ძლიერაც გამხიარულდა; შემოსძახა თავისი საზარელი ხმით რაღაც საგმირო სიმღერა; ყველას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- ღმერთო, - ეხვეწებოდენ ყველანი ღმერთს, - ღმერთო, ნუ გააჯავრებ ნურაფრით ჩვენს მეფეს, თორემ გაგვჟუჟავს ერთს წამშიო.

არწივი მაინც არა ჯავრობდა, სთხოვდა ფრინველთ ემხიარულათ, ემღერათ, ეცეკვათ, მაგრამ ფრინველთ რაღაც გუნება გადაუბრუნდათ. არ იცოდენ, რა დაემართათ. რომ ფრინველებისთვის გაბედულება მიეცა, არწივმა უბრძანა შთაებერათ ბუკ-ნაღარისათვის.

ბრძანება იმავე წუთას ასრულდა და არწივმაც დაიწყო ბობღვა თავის მძლავრის კლანჭებით: სულ გათელა თითქმის ის ყვავილიანი ადგილი.

მაინც კიდევ ვერავინ ჰბედავდა თამაშობას. ბოლოს ისევ წრუწუნამ გაჰბედა: ისეთი ლეკური დაუარა, ისეთს ბუქნაში ამოდიოდა, რომ მტვერი ცასა სწვდებოდა.

ერთხელ გატაცებული და გაცხარებული არწივსაც-კი გადაახტა თავზე. ცოტა არ იყოს, მეფეს ეწყინა ყმის ასეთი ბრიყვული ქცევა, მაგრამ ზრდილობისა და შემთხვევის გამო, არაფერი უთხრა, მხოლოდ შეუბღვირა კი ერთხელ ისე, რომ თაგუნამ შიშისაგან კინაღამ სული განუტევა. მაინც ამ შებღვერის შემდეგ წრუწუნა კაცად აღარ ვარგოდა, გახდა ავად, წავიდა და დაწვა ერთის ხის ძირას. ზედ ერთი ხმელი ვერხვის ფოთოლი წაიხურა.

ფრინველებში ყველაზე თამამად კოდალა იქცეოდა. კარგა გადაკრულიც გახლდათ და ისეთს ბაიათებს გაჰკიოდა, რომ მთელი მთა-ბარი ინძრეოდა. კოდალა ეხლა იქამდის გათამამდა, რომ მეფესაც აუხირდა.

- შენ მეფობა ვინ მოგცაო, - უთხრა მან არწივს. - ჩვენ როდის ამოგირჩიეთო.

- ბიჭო, შე ოჯახქორო, სუ, გაჩუმდი, რას ამბობ, შე თავხედო? - წასჩურჩულეს ფრინველთა.

- არც გავჩუმდები და არცა! რად უნდა გავჩუმდე, რაო ჩემო?!.. - ამბობდა კვლავ შეზარხოშებული კოდალა. - თქვენ რა ხალხი ხართ? გული-გულში ყველას გეჯავრებათ, შვილოსან, და პირში-კი ვერაფერს ეუბნებით. ბიჭობა პირად თქმაა.

არწივმა ბევრი იცინა კოდალას ახირებაზე, მაგრამ ფრინველთა ითაკილეს მეფის შეურაცხყოფა, შეიპყრეს კოდალა, ნისკარტში წბილა გაუყარეს და იქვე ხეზე მიაკრეს. დაღონდა კოდალა, აღარ იღებს ხმას. არ ესმის, რისთვის დასაჯეს ასე სასტიკად.

ფრინველნი რომ ამ გაზიდულობაში იყვნენ, მელა მოჰპარვოდათ ახლო. დიდხანს უთვალთვალა ცბიერმა ცხოველმა ტყის პირიდან და უცდიდა დროს, ფიქრობდა, ჯერ კარგად დათვრნენ, მაშინაა ჩემი დროვო. მელა იმ დროს დაინახეს, რომ ის-ის იყო უნდა ნეფე-დედოფლისათვის ეტაცა პირი. ატყდა ხმა, ყვირილი, აიშალა ფრინველთა გუნდი, ხოლო ნისკარტდაღებული არწივი ეძგერა მელას და ერთს წამს სული გააფთხობინა. ფრინველნი გაიფანტნენ: ზოგი ხეებზე შესხდა, სხვა მაღლა ტრიალებდა. დაბლა არწივი და კოდალა-ღა დარჩენ; ავადმყოფმა თაგვმაც განგაშის ხმაზე სორო მოძებნა. არწივმა კოდალაც გაათავისუფლა და უთხრა: ეგ მიქარვა მიპატიებია, რადგანაც ნასვამი იყავი, და მერე აღარ გაბედო, თორემ ვაი შენს ტყავსო. თითონაც აფრინდა, აფრინდა მაღლა, თითქოს ცას მიეკრაო, და იქ ირგვლივ დაიწყო ტრიალი. ქეთევანი და ზაქარაც მიეფარნენ უღრან ტყეს: ერთმანერთის ალერსში და კოცნა-ხვევნაში გაატარეს ის დღე და საღამოთ ერთის წიფლის ტოტზე დაეძინათ გვერდის-გვერდ.