შინაარსზე გადასვლა

ცაზე იარე, მთვარეო

ვიკიწყარო გვერდიდან
ცაზე იარე, მთვარეო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


ცაზე იარე, მთვარეო,
მზეო, აბძანდი-დაბძანდი!..
მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი,
ხან მოიხვიეთ ნაბადი...
დაწვიმე, შავო ღრუბელო,
დაალბე მკერდი მიწისა;
გაუცინოდი, ლამაზო,
ახარე გული ბიჭისა!
იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა,
დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა,
დავიხოცებით, ტყვენი ვართ
ჩვენ მეუფისა დიდისა.
საიქიოდამ სახდომი
ზღუდე არა სჩანს ხიდისა.
ტიალი წუთისოფელი
მიდის, მიდის და მიდისა;
ჰხედავთ, მოკლეა საზღვარი
უსაზღვრო ზღვისა კიდისა!..