შინაარსზე გადასვლა

ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისისა

ვიკიწყარო გვერდიდან

ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა რანთა და კახთა მეფისასა, პირთათჳის რომელნი ქუემო მოჴსენებულ არიან, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილება, რომელიც მიღებული იქნა 1104 წელს.

  • ა (1) პირველად ეპისკოპოსნი არა ღირსებით შემოსილნი პატივსა მღდელთ-მთავრობისასა და უღირსნი ქრისტეს პირველისა მწყემსმთავრისანი განვკვეთენით დაუცხო ვყვენით მღდელობისაგან. ხოლო არა კრულ-ვყვენით და არა შევაჩვენენით, ნუ იყოფინ, არამედ ლიტონია ერისკაცთა თანა ზიარებად ვყვენით.
  • ბ (2) ამასთანავე განვაწესეთ, რაჲთა ამიერითგან არღარავინ იკადროს ქმნად, თჳნიერ ვითარ იგი განაწესებს კანონი, რომელ ეპისკოპოსისა ლე (35) წლისა, მღდელი ლ (30) წლისა, დიაკონი კე (25) და წიგნის-მკითხველი ჱ (8) წლისა ჴელთ-დასხმულ იქმნებოდიან.
  • გ (3) ხოლო წესი ჴელთ-დასხმადთა სრულებისა ეგრეთ აღესრულებოდედ, ვითარცა ახალთა შინა კურთხევათა ნეტარხსენებულისა მამისა გიორგი მთაწმიდელისაჲთა დაწერილ არს, ეგრეთვე კურთხევაჲ ეკლესიისა, დამყარებაჲ საკურთხეველისაჲ და წმიდა-ყოფაჲ ღმერთ-მყოფელისა მირონისა, ეგრეთ სრულ იქმნებოდედ, ვითარცა მუნ შინა მოჴსენებულ არს.
  • დ (4) ხოლო ქრთამისათჳს და საფასისა, რომელსა მიიღებენ ჴელთ-დამსხმელნი ჴელთ-დასხმადთაგან, წმიდათა მოციქულთა და მამათა მოცემისაებრ განჩინებად ვიკადრეთ ჩუენცა, რაჲთა მოისპოს ეგევითარი იგი ეკლესიისაგან და აღიხოცოს მღდელობისაგან, რომლისა ქმნაჲ ნურღარამცა ვი უკადრებიეს და ნუმცა მიიღებენ ნუცა ქრთამსა, ნუცა ძღუენსა, ნუცა ევლოგიასა, ნუცა კათოლიკოსი ეპისკოპოსთაგან, გინა ხუცეს-დიაკონთა და მღდელთა და ქორ-ეპისკოპოსთაგან, ნუცა ეპისკოპოსნი დიაკონთაგან, ნუცა რომელიმე სხუათა დასისაგანთა ანუ საეკლესიოთა მნეთაგან.
  • ე (5) მერმეცა სამღდელოთა ჭურჭელთა და ღმრთისა შეწირულთა სიწმიდეთათჳს, რომელ არიან ბარძიმ-ფეშხუმი, სამწირობელნი და ყოველივე ეკლესიათა შეწირული და ერთგზის ღმრთისადა მიცემული ოქრო, ვეცხლი, თუალი, მარგალიტი, ჭიქა, სტავრა ნაქსოვი, სინი, რვალი, რკინა, ძელი, კეცი, ქვა. ამას განვაწესებთ შედეგითა წმიდათა კანონთა, რაჲთა არავის ჴელეწიფოს ჴმარებად მისი არარად, არცა ტყუეთა საჴსრად, დაღათუ ცუდადცა და უხმარად ნდებარე იყვნენ.
  • ვ (6) ამასთან ესეც მოვიჴსენეთ, ვითარმედ თჳნიერ ეკლესიისა და საკურთხეველისა არცა ნათლის-ცემაჲ შესაძლებელ არს, არცა გჳრგჳნისა კურთხევაჲ, არცა მონაზონისა ეპისტოლითა, გინა სქემითა კურთხევაჲ და არცა მონაზონსა ხუცეს-სა გჳრგჳნთა კურთხევად ჴელეწიფების, არცა ერისაგანსა მღდელსა მონაზონისა კურთხევად.
  • ზ (7) კუალად ამასცა განვაზღვრებთ, რაჲთა ამიერითგან არღარა ეკურთხებოდიან გჳრგჳნნი ჩჩჳლთა ქალ-ყრმათა, არამედ უკუეთუ საჭიროდ რადმე იყოს მშობელთა მიმართ დიდად, დაუწინდენ იგი ურთიერთას და, რაჟამს ჰასაკად მოვიდენ ორნივე, მაშინ იქორწინონ და ქალი ათორმეტისა წლისა უმცროსი ნუმცა შეყოფილ არს ქორწინებით მეუღლისადა.
  • ჱ (8) კათოლიკოსი, ეპისკოპოსი და ქორ-ეპისკოპოსი სჯულისა და საღმრთოთა წიგნთა მეცნიერი გამოირჩეოდედ; მღდელი ანუ დიაკონი შიშითა ღმრთისაჲთა ემცნებოდედ მას ფლობად და დაცვად ყოველთავე საქრისტიანოთა წესთა, რაჲთა არა რა მათგანი განსცეს ქრთამისათჳს, არცა რა განსყიდოს ვეცხლად.
  • თ (9) შემდგომად ამათსა, ამასაცა სათანადოდ ვგონებთ მოჴსენებად, ვინაჲთგან მოძღვრად წოდებულთა მათ მონაზონთა ფრიადი და აღურაცხელი არს სიმრავლე და ერთსა მონასტერსა შინა რვანი და ათნი, მრავალგზის ოცნიცა და ოცდაათნი იპოებიან; დიდი თუ იყოს მონასტერი და მრავლის შფოთისა და განხეთქილებეისა მიზეზსა შემოიღებს სიმრავლე მათი, ამისთჳს განვაშინეთ, რაჲთა დიდთა მონასტერთა შინა ორ-ორი, ხოლო მცირედთა თჳთო კმა იყოს მოძღვარი.
  • ი (10) წესი იგი, რომელსა კრებულთა დასხმად უწესნ, ნუღარამცა კადრებულ არს ქმნად ამიერითგან, ნუცა მონასტერთა შინა ქმნა სავაჭროთა ერის-კრებათა, ნუცა რა სხუა სამოქალაქო და სასოფლო წესი ქმნილ არს მონასტერთა შინა.
  • ია (11) ხოლო ერთსა საკურთხეველსა და მასვე ერთსა წინადაგებასა ზედა წმიდისა შესაწირავისასა მრავალთა სულთათჳს მრავალღა მღდელთა მიერ ქმნაჲ წმიდისა ჟამის წირვისა უწესო არს და განგდებულ, რომელი ესე ნუღარამცა სადა ქმნილ არს, უფროჲსღა თავად საკურთხეველსა დიდისა ეკლესიისა საეპისკოპოსოსა, გინა მონასტრისასა, ერთისა არავისთჳს წეს არს ჟამის წირვად არაოდეს, არცა ცოცხლისა, არცა მიცვალებულისათჳს, თჳნიერ აღაპთა და სულისა საჴსენებელად განჩინებულთა დღეთასა; არამედ მის ეკლესიისა მაშჱნებელთა და შემომწირველთა და ერთბამად ყოველთა ქრისტეანეთა ცოცხალთა და მიცვალებულთათჳს ჯერ-არს ჟამის წირვაჲ; ხოლო ერთისა კაცისათჳს ანუ ერთისა სულისათჳს ეგუტერთა სადმე შინა ანუ შტოთა ეკლესიისათა ჯერ-არს თჳთეულისა ხუცესისაგან ჟამის წირვაჲ.
  • იბ (12) რომელნიცა სომეხთაგანნი წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შეერთებულან, ესრეთ განვაწესებთ მათთჳს: რაჲთა სრულად ნათელ-სცემდენ, ვინაჲთგან სხუაცა დიდთა ეკლესიათა ვპოვებთ მოქმედად ამისა, ვითარ იგი არს საპატრიარქო საყდარი ანტიოქიისა და ყოველნი მიმდგომნი მისნი ეკლესიანი აღმოსავლეთისანი.
  • იგ (13) კუალად განვაწესეთ, რაჲთა არცა მართლმადიდებელი მამაკაცი მწუალებელსა, გინა წარმართსა დედაკაცსა, ანუ დედაკაცი მამაკაცსა შეუღლდენ, ვინაჲთგან ყოველნი მართლმადიდებელნი ტაძარ არნ ღმრთისა, ხოლო ყოველი ბოროტად მადიდებელი ანუ ყოვლად არამადიდებელი ტაძარ არს ეშმაკისა.
  • იდ (14) ვინაჲთგან ესეცა უწესოებაჲ მრავალთა მიერ აღსრულებულად გუესმა უფროჲსღა დიდთა ვიეთთამე და წარჩინებულთა და არა ლიტონთა კაცთაგან, რომელ არს არა ერთგან კურთხევაჲ გჳრგჳნთა ქორწინებით ერთ-ჴორც ქმნადთა მეუღლეთა, რომლისათჳს განვსაზღვრებთ, რომელნიცა მოაქამდე ესრეთ კურთხეულნი ყოფილან და გარდასრულ არიან, იგინი შენდობილ არიან უმეცრებისათჳს; ხოლო უკუეთი აწ სადმე იპოვნენ ვინმე ეგევითარნი, იგინი სჯულიერად ცოლ-ქმრად ნუმცა შერაცხილ არიან.
  • იე (15) მერმეცა ღმრთივ-მოძაგებულისა მის და ღმრთის განმამწარებელსა ცოდვათა უბილწესსა საძაგელებისა სოდომელთასა, რომლისა არა ვუწყით, თუ ვითარ შეეთვისა იგი უბადრუკსა ამას ნათესავსა და სრულიად განაშორნა და უცხო ჰყვნა ღმრთისაგან. ყოველმან სულმან ქრისტეანემან მართლ-მადიდებელმან, რომელმან შემდგომად ამისა ძეგლის წარკითხვისა არა იჯმნას ბილწისა მის ცოდვისაგან, ჩუენდა არღარა კურთხევაჲ, არამედ კდემაჲ და მხილებაჲ დაიმკჳდროს საუკუნოჲ.
  • გაბიძაშვილი ვ., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978