შინაარსზე გადასვლა

ჭეშმარიტი სიყვარული

ვიკიწყარო გვერდიდან
ჭეშმარიტი სიყვარული
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი


1823-სა წელსა დავიწერე ჯვარი ანჩისხატის ეკლესიაში პირიმღთისას წინ და 1832-ს წლამდის ასეთი ბედნიერი ვიყავით მე და ჩემი კატინა ერთმანეთით, რომ მეტი ბედნიერება აღარ იქნება!.. მაგრამ ამ უკანასკნელმა წელიწადმა ყოველი ჩვენი ესე ბედნიერება ჩაგვაშხამა.

11-ს დეკემბრის ღამეს ჩვენ შუაღამის მეორე საათის შემდგომ, ორნივ რაღაც საშინელებამ გაგვაღვიძა დაბნელებულს უსანთლოს ოთახში. ჩემს ახლოს ჩემმა კატინამ ძრწოლა დაიწყო შიშით. თუმცა მეც იმას ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კაცი, ისე გაჩუმებული ვიყავ. ჩემმა კატინამ ბორგვა რომ შექმნა, მე დაბალის ხმით ვკითხე :

–კატინო, გღვიძამს, რატო არას მეუბნები?

–ასე მეგონა, ჩემს სანდროს სძინამს-მეთქი.

–კატინო, რატომ აგრე ძრწი?

–საშინელი სიზმარი ვნახე.

–როგორ თუ საშინელი სიზმარი?

–მამაჩემი ვნახე საშინელის სახით შეწუხებული და ამ შეწუხებულს დროსა პირიდგან ერთი ტაშტი სისხლი ამოაღებინა. მე ვწუხდი, რა დაემართა-მეთქი. ამაში კიდეც გამეღვიძა. არ ვიცი, რას უბედურებას მოასწავებს ეს სიზმარი?

მე იმის შეწუხებას მოვერიდე და ამისთვის გატრიზავებით ვუთხარ:

–სიზმარი დასაჯერებელი არ არის. ადამიანი ბევრს ავსა და კარგს ნახამს, რომ სულ არაფრად გაივლის. რახან დასაჯერებელი იქნება, მაშ სწორედ აგიხსნი, რასაც მოასწავებს ეგ სიზმარი.

–ჩემო სანდრო, აბა, რას მოასწავებს, სწორედ მითხარი!

–შეწუხებულის სახით რომ ყოფილა, ეგ სიმხიარულეს მოასწავებს და სისხლი რომ ამოუღებინებინა, ჯავრის დაკარგვა არის.

–ღმერთმა ინებოს, ეგ მართალი იყოს, მაგრამ რა ვიცი...

–მითამ რა სიტყვაა, არ ვიცი?

–ეჰ, რაღა უნდა ვთქო?..

–თუ ჩემი სიყვარული გაქვს, მითხარი.

–რადგან აგრე მეუბნები, აგრე იყოს, გეტყვი. ეხლანდელს ყმაწვილს კაცებს რომ განგიძრახავთ და შეთქმა გაქვთ, რუსები აქედგან გარეკოთ და ეს ამბავი ხალხში რომ მოგიფენიათ, ერთი მაინც არ გაგცემსთ მცირეს თავის სარგებლობისათვის?

–სწორედ გეტყვი, კატინო ეს ჩვენი განზრახვა ასე რიგად დაიწყო, შეუძლებელია, არ გამოცხადდეს.

–მაშ, რატო ქენით და მისთანა ძნელი საქმე დაიწყეთ?

–რუსეთიდან მოსული ყმაწვილი კაცები და მე რომ გავერთდით ამ საქმისათვის, რჩევა მოვახდინეთ, როგორ დავიწყოთ? აი, ჩემი პასუხი: ეს საქმე ჩვენის მეტი სხვამ არავინ არ უნდა შეიტყოს ამისთვის, რომ მინამ გარემოება თავისთავად არ მოიტანს საქმეს, არასგზით არ შეიძლება აღსრულებაში მოვიყვანოთ ეს განზრახვა ეხლანდელს ქართველებში. ისევ სჯობია, მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ და გარემოებას მოვუცადოთ. ვინ, იცის იქნება ღმერთმა მოიტანოს რამე გარემოება –მეთქი. ამაში ზოგიერთნიც დამყვნენ, მაგრამ სხვებმა ეს ჩემი რჩევა ქალაჩუნობაში ჩამომართვეს. ამის გამო ვეღარ შევუდექით საქმეს დიდის გულმოდგინებით ისე, რომ მშობლის მამულის მეტის სიყვარულით ავად ვსაქმობდით თუ კარგად, ვეღარ გავიგეთ–რა. ისე, რომ მე ჩემი თავი ვეღარ მოვასვენე იმ საქმეში და ისინიცვე, ჩემი ამხანაგნი, დიდი მცდელნი იყვნენ იმ საქმისა ნამეტნავად თავადი ელიზბარ შანშეს ძე ქსნის ერისთავისა შვილი, რომელიც ყველა ჩვენზედ უპირველესი მცდელი ის შეიქნა.

ამ სიტყვასთან პატარას უკან მოაჯირზე რაღაც რახარუხის ხმა შემოვიდა.

მანამ ის ხმა მიწყდებოდა , სადაც ჩვენი შვილები იყვნენ იმ ოთახში სანთელი გაქრა, ამასთან, ჩვენს ოთახში ერთი მოახელე შემოვარდა და შეშინებულის ხმით დაიძახა:

–ბატონებო, სალდათები მოვიდნენ და ფანჯრიდან გვიყურებენ.

ჩემმა კატინამ შიშით ხმა ვეღარ ამოიღო. მე საჩქაროდ წამოვდექ, მოახლეს სანთლის ანთება ვუთხარ. კატინაც თან ამყვა ამ სიტყვით:

–ვაი, ჩემს თავსა! იქნება შეუტყვიათ და აცხადდეს ჩემი სიზმარი!

–კატინო, სწორედ გეტყვი, ამის შემდეგ უბედურებაში ჩავარდები. თუ ღმრთისა მადლობით მოითმენ, ღმერთი კიდევ მოგვხედავს და თუ მოთმინებით არ იქნები, იმედი ნუღარა გაქვს ჩემი ამისთვის, რომ უბედურობის მომთმენს ღმერთი სწყალობს და მოუთმენელზე ხელაღებულია.

ღმრთისმშობლის წინ დაიჩოქა და გულმხურვალეს ცრემლით დაიძახა:

–ამის მადლს გევედრები მე, სუსტს დედაკაცსა, შენი უბედურება მომათმენინოს! მაგრამ მე რომ შენ უბედურებაში მეგულებოდე, როგორ უნდა მოვითმინო?!

–კატინო, მაგისთვის შენ ნუ სწუხარ, მე ვიცი, ჩემს თავს როგორ გამოვიხსნი უბედურობიდგან, ოღონდ შენ მოთმინებით და დიდსულოვნად იყავი.

მინამ ჩემი კატინა მეტყოდა რამეს, ჩემი დედიდაშვილი თავადი გიორგი რევაზის ძე ერისთავი ჩვენთან შემოვიდა და განსვენებულის გულით მითხრა:

–ალექსანდრე, კამენდატი და პოლიცმეისტერი ჩვენს ოთახში შემოვიდნენ, სადაც მე და შენი ძმა ვახტანგ ვდგევართ გვითხრეს, ბარონ როზინმა დაგიბარათო. ეტყობა, რომ ჩვენი შეთქმა გამოცხადებულა. ახლა რა ვქნათ?

–ამის მეტი ჩვენ ვეღარა გამოგვიხსნის რა, რომ რაც უნდა გვტანჯონ, არ გავტყდეთ.


გიორგის სიტყვის თქმა აღარ დასცალდა, რომ ვახტანგ შემოვიდა, პოლიცმეისტერი თან შემოჰყვა, მოვიდა და მითხრა:

–ბარონ როზინმა საჭირო საქმეზე დაგიბარათ, მაგრამ რაც ქაღალდები გაქვთ ისინიც თან უნდა წავიღოთ.

მას უკან ჩემ კატინას მიუბრუნდა და გულღრძოს ცბიერის ღიმილით უთხრა:

–თქვენ ამაზე ნუ შეწუხდებით,ამ ორს საათზე თქვენი ქმარი აქვე მოგივათ.

რადგან ჩემმა კატინამ რუსული არ იცოდა, ჩემმა ძმამ უთარგმნა და პასუხი ამასგანვე უთხრა.

ჩემმა კატინამ მედიდურის სახით უპასუხა, რომელიც დაუვიწყებელი არის ჩემთვის:

–პოლიცმეისტერო,რასაცა მეუბნებით,თქვენი სიტყვა მართალი არ არის, მაგრამ მე კი სწორედ გეტყვით, სადაც ამ ჩემს ქმარს დასომთ საპყრობილეში, მეც ამასთან რომ შემიყვანოთ და განუშორებლად ამასთან მამყოფოთ, უფრო მადლობელი ვიქნები.

ჩემი კატინაც ერია ჩვენს საქმეში,სხვანი ქართველნი ქალებიც ბევრი,რომელსაცა ჩემს კატინას ვალად დასდეს,რევოლუციის ბაირახი შეეკერა.

ამ სიტყვაზე პოლიცმეისტერმა ხმა არ ამოიღო.

ჩემს დეიდაშვილს გიორგის და ჩემს ძმას ვახტანგს თვალებში ცრემლი მოერიათ, მე შემომხედეს, რომ გულხელდაკრეფილი მე და ჩემი კატინა ერთმანეთს შევცქეროდით. მაგრამ მე ის მაშინვე მოვიშორე და ტანისამოსი მოვითხოვე ჩასაცმელად. ამ დროს გიორგი და ვახტანგი თავის ოთახში გავიდნენ,

პოლიცმეისტერი იმათ თან გაჰყვა და ჩემი საკუთარი ქაღალდებიც თან წაიღო.

მე რომ ტანისამოსი ჩავიცვი ჩემს კატინას გამოვესალმე,ბოლოს კიდევ ეს სიტყვა მოვაგონე:

–კარგად გახსომდეს, კატინო, რომელს უბედურებასაც მოთმინება ექნება, ღმერთი გამოიხსნის.

ამ სიტყვაზე ჩემმა კატინომ სულთქმა ამოუშო უსიტყვოდ.

მეც შეწუხებული გამოველ და აქედგან ბატონიშვილს დედაჩემთან შეველ. იმან ყველა იცოდა ჩვენი ამბავი, მხოლოდ ჩემგნით და ნჩვენმა ამხანაგებმა კი არ იცოდნენ იმისი არაფერი. როდისაც ყველა განუცხადე მითხრა:

–მაგ საქმის ამბავი ჩემი ხომ არავინ არა იცის რა, რომ მეც ვიცი ეგ საქმე?

–მე არავისთვის არა მითქომს-რა, მოვახსენე.


–რადგან არავინ არა იცის-რა, უთუოდ ეგ აგრე უნდა ყოფილიყო, აი, ამიტომ, რომ მე ეხლა საჭირო ვარ თქვენ ყველასათვის. ამას თავი დავანებოთ, ეხლა ეს გაიგონე, - თავის შესაფერს გულით მოჰყვა ასე:

–მაგისთანა პატიოსან განზრახვასთან სანანურად ნუღარ მიგაჩდებათ თავი. შენი ცოლშვილებისათვის შენ ნუღარას ინაღვლებ, მე იმათი მომვლელი და პატრონი შევიქნები, ოღონდ რაც უბედურება მოგადგესთ, მოთმინებით მიიღეთ. წადით, ღმრთისათვის მიმიბარებიხართ ერთობ თქვენა. (გიორგის და ვახტანგს უნდა ვკითხო, იმათაც ნახეს ბატონიშვილი, თუ ვეღარ).

ვახტანგის და გიორგის ოთახში იყვნენ პოლიცმეისტერი და კამენდატი. მე რომ იმათთან შევედი, კამენდატმა გიორგი წაიყვანა, რადგან სამხედრო სამსახურში იყო.

მე და ჩემი ძმა ვახტანგ პოლიცმეისტერმა გამოგვიყვანა. მე ერთ ჩასტნი პრისტავს გამატანა , ჩემი ძმა - მეორეს და ორივე ცალ-ცალკე წაგვიყვანეს მეტეხის ციხისაკენ.

მეტეხის ხიდს რომ გავცდით, მე მეტეხის საპყრობილის ციხისაკენ შევბრუნდი, მაგრამ პრისტავმა ავლაბრისკენ ამატარა.

ჩამიყვანა და აფიცრების კაზარმაში შემიყვანა, საიდგანაც ყარაულის აფიცერი გამოვიდა, მაღლა ეტაჟში ამიყვანა. ერთს გამარტოებულს ოთახში დამსვეს და შიგ ჩესავოი დააყენეს თოფ-იარაღით.

მცირე ხნის უკან ყური დავუგდე. დიდი ფეხის ხმიანობის, წასვლა-წამოსვლის ხმა იყო გარეთ კარიდორში და კარების ჯახაჯუხი. მივხვდი, ჩემს ამხანაგებსაც ჩემსავით სხამენ საპყრობილეში-მეთქი. მას უკან დავფიქრდი: „ნეტავ, შემატყობინა, ვინ გაგვცემდა-მეთქი?“ ვინც იყო, შემდგომში გამოჩნდება.

როდესაც კარგად გათენდა, რუსის კალატოზი შემოვიდა. ფანჯარაზე სქელი

გაჯი წაუსო და სახლი ასე დააბნელა, რომ მზის შუქი ძლივს დაინახებოდა. მე იმ დღეს არა მკითხეს-რა.

სადილობის დროს სტოროჟი შემოვიდა და სადილი შემომიტანა.

ამის მეორე დღის დილაზე ყარაულის აფიცერმა და ხუთმა შტიკიანმა სალდათმა ქვემოთ ატაჟაში ჩამიყვანეს და ერთ დიდ სახლში შემგზავნეს. იმ სახლში იყვნენ ორი ღენერალი, ერთი პოლკოვნიკი და სამ-ოთხი აფიცარი. ამათგან პირველმა ღენერალმა შაიკოვმა სკამზე დამსო და ზრდილობიანის კითხვით მითხრა:

–კნიაზო,თქვენ რამთენსამე საქართველოს თავადებსა შეთქმა გქონიათ წინააღმდეგ რუსეთის მთავრობისა. ახლა თქვენი საქმე წვრილად ვიცით, ამისთვის თქვენცა გკითხამთ, რომ თქვენც აღიაროთ გულის წმინდით და არა დაჰფაროთ-რა.

იმის კითხვაზედ მე დამბეზღებლის საბეზღარი ქაღალდი მოვითხოვე.

მეორე ღენერალმა,შტაბნაჩალნიკმა ვალიხოვსკიმ ერთი დასტა დაწერილი ქაღალდი გადმოიღო და წინ დამიდო.

რა წამს დავხედე,მაშინვე ვიცან, რომ ჩვენი ამხანაგის თავადი იასე იოსების ძისა ფალავანდოვის ხელი იყო. თუმცა მოვინდომე თვით მე წამეკითხა, მაგრამ არ დამანება და თვითონ დაიწყო კითხვა, რომელმანცა, მგონია, სამ საათამდის იკითხა.

ის საბეზღარის წიგნით მივხვდი, რომ ჩვენი ყოველი საქმე დღიურზაპისკებად ეკეთებინა. მე აღარ დავაცალე კითხვა, რომ ბოლომდისინ ჩასულიყო და დამბეზღებელი მოვითხოვე. ვინც დაგვაბეზღა, აქ შემოიყვანეთ, რომ პირში წამამიდგეს-მეთქი.

არცა დამბეზღებელი შემოიყვანეს და არცა მისი სახელი გამოაცხადეს.

რვა დღემდისინ ყოველდღე ავად მეკითხებოდნენ, გავტეხილიყავ, მაგრამ ვერასგზით ვერ გამტეხეს ამისთვის, რომ ადრითვე პატიოსანი პირობა დაგვედო ჩვენ ამხანაგებს, თუ გამოაცხადეს ეს ჩვენი საქმე, არ გავტყდეთო. მხოლოდ იასე ფალავანდოვის საბეზღარზე ვერასგზით ვერ გამტეხდენ, მაგრამ რა დღესაც ჩვენ ერთად დაგვიჭირეს, იმ დღეს ვისათვისაც კი ეკითხათ, მაშინვე გატეხილიყვნენ. იმათი ჩვენებაც თვითოეულად მაჩვენეს.

მესამე ღამეს თერთმეტ საათზე მთავარმართებელ ღენერალ ბარონ როზინთანაც წამიყვანეს ბნელის კარეტით შტაბ ნაჩალნიკმა ღენერალმა პოლკოვნიკმა ტრიტილევიჩმა და ერთმა აფიცერმა რამდენიმე ცხენიანის ყაზახების შემოხვევით, მაგრამ ვერც იმათმა ძალდატანებამ გამტეხა და ისევ ისე მომიყვანეს უკმაყოფილო სიტყვებითა ჩემს ბნელს ოთახში , სადაც ვიყავი მხოლოდ პურსა და წყალზე რვა დღესა. მერვე დღის საღამო ჟამს პირველი ღენერალი ბაიკოვი ჩემთან შემოვიდა და გულმტკივნეულის სიტყვით მითხრა:

–დღეს თვითონ თქვენ ნახეთ თქვენი ამხანაგების ჩვენება, რომ აღარავინ დარჩა გაუტეხელი. გარდა ამისა, ყველა ამას ამბობენ, ამ შეთქმის თავი და დამწყობი თქვენ იყავით. აბა, რასა იქთ, რომელს თქვენის ამხანაგების ჩვენებას უარსა ჰყოფთ ნამეტნავად, თქვენის ძმისას და ახლო ნათესავებისას?

–ღენერალო, რასაც მიბრძანებთ მართალია, რომ თითქმის ყველანი მე მაბეზღებენ, მაგრამ მე არა ვიცი–რა.

–კიდევ “მერე არა ვიცი-რა?“ დამიჯერეთ, აღიარეთ, თორემ ღმერთს ვფიცავ, მოხუცებულს დედათქვენს შეიპყრობენ და თქვენს ცოლსა და შვილებსაც.

დაფიქრდით, ჩვენ ხომ ყველა ვიცით და ერთი თქვენი უარი რას შეგმატებთ თქვენ?

უფრო მაგითი თქვენს ქვეყანას ევნება, მე ამას გარწმუნებ. ბარონ როზინს უნდა, რომ თქვენ გულისწმინდით აღიაროთ და ამის გამო ხელმწიფის განრისხებული გული ლმობიერად შესცვალოს თქვეს ქვეყანაზედ. ძალიან კეთილი კაცია ბარონ როზინი.

მცირე მოფიქრების შემდგომ პასუხად მივუგე:

–ღენერალო, მაგის პასუხს მე ეხლა ვერას მოგცემთ ამისთვის, რომ მე ეხლა შეუძლოდ ვარ და თუ თქვენი ნება იქნება, პატარა ხანს უკან აქ ჩემთან ამობრძანდით და სრულს პასუხს მაშინ მიიღებთ, ოღონ ეხლა დამეხსენით პატარა ხანს.

–კარგი იქნება. კიდევ მოვიცდით.

იმის გასვლის შემდგომ ფიქრში ჩავვარდი.

შეჩვენებული იუდა იასე ფალავანდოვი გუშინ რომ მომადგა კამისიაში და ღენერლები დაარწმუნა, რომ ყველა საქმის მიზეზი მე ვიცი, ამის ეტყობათ, ჩემგნით იმედი აქვთ. რომ მე ბევრს რასმენ გამოვუცხადებ, მაგრამ ესეც არის, რომ დაწვრილებით გამოცხადება კამისიისათვის რაღა საჭიროა მაშინ, როდესაც რომ იასე ფალავანდოვს დაწვრილებით გამოუცხადებია და ყველა კარგად იციან, რა ვიცი, იქნება, ჩემს ქვეყანას ერგება რამ, მეტი ღონე აგარა მაქვს, გავტყდები და მე, ყველას ვიტყვი. მაგრამ სჯობია, რომ თავი დავისუსტო, ეს უფრო გამოგვიხსნის, იტყვიან, სულელები ყოფილანო და ბოლოს იქნება ამით ვარგო ჩვენს ქვეყანას.

ერთმა მცოდნე ჩინოვნიკმა (პ...) მითხრა წინათ, თუ ეს ჩვენი საქმე გამოცხადდა

და დაგვიჭირეს, მე მხოლოდ თქვენზე დიდს ნაკლულებას ვიტყვი.

იციან, მე და თქვენ დიდი მეგობრები ვართ, ამის გამო მე აღარ გავტყდები და თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. ისეც იყო, თავის თავსაც არგო და ჩვენცა. ისიც დაიჭირეს, მეც იმის ეს მახსოვდა და მეც იმის კვალს მივყვე. მართლაც რომ სასრგებლო იყო ეს ჩვენთვის ამისთვის, რომ ჩვენს ყმაწვილს სულელობას მიაჩემა მთავრობამ ჩვენი ეს საქმე.

იასე ფალავანდოვის საბეზღარი დაწერილი დასტა ქაღალდი შემდგომ ვეღარავინ ნახა კამისიაში, რადგან ყოვლის ცდით იასეს ჰფარავდნენ დამბეზღებლად და სხვას უცოდველსა აბრალებდნენ.რადგან იმის ძმა ღუბერნატორი იყო, ამისთვის რუსების მთავრობა ცდილობდა, რომ იასეზე ეჭვი არავის არა ჰქონოდა დაბეზღებისა. ამისთვის სხვას უცოდველს აბრალებდნენ. ახლა კი ვიტყვი, ხალხს თურმე ჩემზედ ალაპარაკებდნენ, მაგრამ შემდეგ ყველა გამოცხადდა, რომ ღუბერნატორმა ნიკილოზ ფალავანდოვნა და იმისმა ძმამ იასემ დაგვღუპა ყველანი.

ყოველი კამისიის ამბავი რომ დაწვრილებით აღიწეროს, მგონია, რამდენსამე ტომად გაკეთდეს.

ამისთვის სჯობია შევამოკლო, რომ მოწყენილად არ ეჩვენოთ მკითხველებსა. იმის შემდგომ მეც დავწერე, რაც ვიცოდი, ნამეტნავად იასე ფალავანდოვს მივყავი ხელი, რაღას დავზოგამდი იმ იუდას და დიდ დამნაშავედ ამოვაჩინე. თუმცა კამისიის ჩლენები ყოვლის ღონით ცდილობდნენ იმის გამართლებას და გამოხსნას, მაგრამ იპრიანა ღმერთმა; პეტერბურღიდგან ღენერალი ჩევკინი მოვიდა კამისის პრედსედატელად და იმან ძირიანდ ამოიღო იასე ამისთვის, რომ იასე დიდი დამნაშავე იყო. ასე გაუჭირეს, რომ კამისიაში მამდგა და აღიარა: „ მე მთავრობისაგან შემოჩენილი შპიონი ვიყავ თქვენში, რაც თქვენში განზრახვა იყო, უნდა შემეტყო და გამამეცხადებინა. მე თქვენში რასაც ვლაპარაკობდი და ვსაქმობდი, სულ ცბიერობა იყო, რომ თქვენი განზრახვა ყველა წვრილად შემეტყო. შევიტყვე და წვრილადაც მამიხსენებიაო.“

ხედამთ, ჯერ პირველად იასე ფალავანდოვი შპიონად და დამაბეზღებლად რომ არა ჩნდებოდა? პირველი კამისის წევრები ჩლენებიც რომ ჰფარავდნენ? მაგრამ მემდეგ ასე გაუჭირვე, მეტი თავის გამოსახსნელი ვეღარა იპოვა-რა და შპიონად იძახა თავის თავი კამისიაში. მაგრამ ვერც ამით გამოიხსნა თავი და ლიანდაში უსუდოდ გაგზავნეს.


კამისიაში ბევრმა საქმემ გაიარა. ბოლოს ვაებით დაასრულეს ჩვენი საქმე. მგონია, თვეზე დასრულდა გამოძიებაც და სუდიც.

თუ მე მართლა თავი არ დამესუსტებინა და ჩემს ზოგიერთ ამხანაგებამდისინაც არ მიმეღწევინებინა, რომ იმათაც ისე ეთქოთ ჩემზე, მაშინ მთავრობა ჩვენს საქმეს ისე სუბუქად აღარ მოიღებდა და საუკუნედ დავიღუპებოდით ყველანი. მაგრამ ამ ჩვენი შეთქმის თავი პირველთაგანი მე რომ სუსტად დამინახეს, ამისთვის ყველანი იძახდნენ რუსნი თუ ქართოუველები: „სულელებს და ყმაწვილებს მოუხდენიათ შეთქმა და იმათგან რა შეთქმა უნდა ყოფილიყო.“

მართალია,ბევრი კარგებიც ერივნენ ჩვენს საქმეში, მაგრამ ვისიც სახელი და ამბავი იასემ იცოდა, იმათი გამოჩნდა და ვისიც არა იცოდა–რა, უფრო მომეტებულებისა, იმათი არა გამოჩნდა-რა, ისე დაფარულად დარჩა იმათი საქმე.

ბოლოს გამოძიების კამისია დასრულდა და ხელმწიფესთან წარადგინეს.ხელმწიფიდგან გადაწყვეტილება მოვიდა, ზოგის პატიება, ზოგის რუსეთში გაგზავნა და ზოგის სუდში მიცემა. სადაც ღენერალი ახლოსტიშოკი იყო პრედსედატელად და შტაბაფიცრები ჩლენებად, ამ სამართალმა თავისი გადაწყვეტილება მთავარმართებელს ბარონ როზინს გაუგზავნა. ბარონ როზინმა თავისი აზრი ხელმწიფესთან წარადგინა და ხელმწიფისგან მინამ გადაწყვეტილება მოვიდოდა, ჩვენს ცოლ-შვილებს და ნათესავებს ნება მისცეს ჩვენთან სიარულისა. ამ დროს მე და ჩემი ძმა ვახტანგ და ის ჩინოვნიკი პ....

(იმისა ამბავი ადრე ითქვა) სამნი ერთ ოთახში ვიყავით დაჭერილები.

ერთს დილაზე, ის იყო ჩაი დავლიეთ და ტანისამოსი ჩავიცვი,მოვიწადინეთ სასეირნოდ გავსულიყავით კარზე, ამ დროს ჩვენი თავმდეგი, კაპიტანი უკუბოვიჩი შემოვიდა და ჩვენ ძმებს გვახარა, - დედათქვენი ბატონიშვილი მობრძანდა და ნება აქვს მთავარმართებლისგან , რომ თქვენი ნათესავები მოვიდნენ თქვენს სანახავად.

როგორც თქვენთანა აქვთ მოსვლის ნება, ისე – სხვებთან თავის ნათესავებისა.

ჩვენ დიდის სიხარულით მოვემზადენით. მცირეს ხანს უკან კარები გააღეს და პატივსაცემი ბატონიშვილი დედაჩვენი, მედიდურის სახის მქონე, განსვენებულის სახით შემობრძანდა და ორთავ სიამოვნებით შემოგვღიმა. ჩვენ, იმისმა შვილებმა, ერთმან ერთს ხელს შევტაცეთ და მეორემ – მეორე ხელსა და კარგა ხანს ტიჩებიდან ვეღარ მოვიშორეთ. ასე ხელზე კოცნით შემოვიყვანეთ და ჩემს კრავოტზე დავსვით. ბატონიშვილმა დედამ მაღლა რომ აიხედა, ჩვენმა ერთის ოთახის ამხანაგმა, დიახ ზრდილობიანად მდაბლად დაუკრა თავი. ბატონიშვილმა დედაჩვენმაც მაგიერი გადაუხადა.

ერთს საათამდისინ დაჰყო ჩვენთან ბატონიშვილმა დედამ. ჩვენი ნუგეშისცემა იმისგნით ამის მეტი არა იყო-რა: „ჯერ თქვენი უბედურება არ დასრულებულა.

უბედურებაში კიდევ უნდა ჩაცვივდეთ, ის კიდევ სხვა იქნება. ამიტომ კიდევ გეტყვით, რომ კიდევ უინდა მოითმინოთ. ჩემი დიდი ბებია ქეთევან დედოფალი იმისთანა უბედურობაში ჰყვანდა შააბასსა, საპყრობილეში დამწყვდეული, მაჰმადიანთ სარწმუნოება მიიღეო, მაგრამ არ იქნება. ვერას ჩაგონებით რომ ვერ დაითანხმეს, შააბაზ განრისხდა და საშინელი ტანჯვა დაუნიშნა. ეს ამბავი შირაზში იყო. ერთს დილაზე შირაზის ხანი მწარეს ცრემლით მივიდა საპყრობილეში და ძრწოლით გამოუცხადა, როგორი სასჯელი დაენიშნა შააბაზს იმისთვისა და ამასთან მახვილები დაუყარა წინა; აი, ამით უნდა დაიტანჯო, თუ შააბაზის სურვილს არ აღასრულებო. საკურველი დიდსულოვანი ქეთევან დედოფალი უცრემლოდ, მამაცურად, დამყუდროებულის გულით წამოდგა და მტარვალთ შესძახა: - ჩემს უსლთან საქმე არა გაქვთ, ღვთის არის! აჰა, ხორცი ჩემი და მახვილი თქვენი, ნუღარ ჰყოვნით, მაწამეთო! ამ სიტყვაზე ხანი ვეღარ დადგა მწუხარებით, ტირილით კარზე გამოვარდა.

რაღა უნდა გავაგრძელო ლაპარაკი იმაზედ. ისე სტანჯეს დედოფალი ქეთევან მტარვალებმა, რომ ენითაც გრძელი სათქმელია. მაგრამ ასე მოთმინებით იყო, არც კი ამოუკვნესია. აი, უბედურობაში მოთმინების მაგალითი ქეთევან დედოფალია. ნამეტნავად დედაკაცისაგან ამგვარი საქმე უფრო გასაკვირველია! თუ დედაკაცმა იმისთანა საშინელი უბედურება მოითმინა, კაცებს რაღა გმართებთ?!“

მაგალითები გვითხრა და დასასრულ ესეცა ბრძანა: - „ნუ შეწუხდებით, ჩემს თავს აღარ მოვასვენებ თქვენს გამოხსნისთვის და იმედიცა მაქვს, ღვთის მოწყალებით მალე გამოგიხსნათ.“

ზოგიერთი ჩვენი ამხანაგების დედები მწუხარებით დაიხოცნენ თავიანთის შვილების დაჭერაზე, რომელთაც ერთი და ორი შვილი კიდევ დარჩათ თავისთან სანუგეშოდ.

მაგრამ დედაჩვენს სამი შვილის მეტი არა ჰყვანდა-რა, რომლებიცა სამვე უბედურებაში ჩაცვივდნენ (შუათანა ჩემი ძმა დიმიტრი უსუდოდ გაგზავნილი იყო რუსეთში ქ. კალუღა და ამ დროს საქართველოში აღარ იყო.

შემდგომ იმაზედაც როგორი უსამართლობა მოიღეს, იმასაც შემდგომში ვიტყვი). თუმცა დიდად გრძნობდა ჩვენს უბედურებასა, მაგრამ ძლიერის ხასიათით არ იმჩნევდა და მოთმინებით ბრძანდებოდა.

ერთს საათს უკან წამოდგა, წასასვლელად მოემზადა და მე მიბრძანა:

–ალექსანდრე, ვიცი, გიამება, - შენს კატინას გამოგიგზავნი და ბინდამდის აქ იყოს შენთან.

მე გავექანე და ორივ ხელები გადუკოცნე.

ბატონიშვილი დედა რომ წაბრძანდა, მაგთენი ხანი აღარა გამოვიდარა, ჩემი კატინა ნახევარის სიხარულით და ნახევარის მწუხარებით შემოვიდა და სურვილით გადავეხვივნეთ ერთმანეთს. მას უკან ჩემ ძმას მიესალმა, მერე ჩვენს ამხანაგებს თავი დაუკრა, რომელსაცა ადრითვე ჩემს მეგობრად იცნობდა, ჩემთან რომ მოვიდოდა ხოლმე. შემდეგ დავსხედით, დავიწყეთ ლაპარაკი. კარგა მოუბნობის მერე ჩემი ძმა და ჩვენი ამხანაგი სასეირნოდ წავიდნენ გარეთ. მე და ჩემი კატინა დავრჩით ორნი. თავი გადაუხარე და ტკბილად ვაკოცეთ ერთმანეთსა, მას უკან ვკითხე:

–მე რომ წამიყვანეს, რა ამბავი მოხდა ჩვენს სახლში და ან როგორ იყავ შენა?

საცოდავად ამოიოხრა.

–ახ! სანდრო, რაღა მოხდა? მთელი ქალაქი შეძრწუნდა თქვენს დაჭერაზე და ფერი აღარავის აღარ ჰქონდა.

ასე ეგონათ, ჩვენც დაგვიჭერენო, ასეთი შიშის ზარი დასცეს ხალხსა. ჩვენთან ხომ ვერავინ ვეღარ დადიოდა. ასეთი შეშინებულები იყვნენ ყველანი, შენი მეგობრის თავად პავლე თუმანოვის, იმის ცოლის რიმსიმესი და შენი მამიდაშვილის მაკას მეტი სხვა ვეღარავინ ვეღარ ბედავდა ჩვენთან სიარულსა. ჩვენი ნუგეშისმცემელნი ეს სამნი იყვნენ და ღმერთმა მშვიდობა მისცეთ სამთავ. შენ რომ წამოგიყვანეს, სავალალო ტირილი გავმართე, მაგრამ ბატონიშვილი დედა შემობრძანდა ჩემთან, ასეთი მრისხანეს სიტყვით მიბრძანა დაჩუმება, რომ იმათის თავაზის გულისათვის მაშინვე დავჩუმდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. მერეთ გვერდით დამიჯდა, სხვადასხვის გონიერის ლაპარაკით გამამაგრა და ასეთი მოთმინება მასწავლა, რომ ღვთის მადლობით მოვითვალე შენი უბედურებაში შთავარდნა. ამის შემდგომ თავის ოთახიდან აღარ მიშორებდა, განუშორებლად გვერდით ვახლდი დღესაცა და ღამეც თუ შეწუხებულს მნახამდა, სხვადასხვა ლაპარაკს დამიწყებდა და თავის საუცხოვო ლაპარაკში გამართობდა.

ოჰ! როგორ დამავიწყდება მე თეკლე ბატონიშვილი! ის ბრძანდებოდა ჩემი ნუგეში და იმედი, თორემ უეჭველად მოვკვდებოდი. აი, ჩემო სანდრო, ვინცა მომათმენინა შენი უბედურება.

–ჩემო კატინო, შენ ნუ მომიკვდები,ბატონიშვილი დედაჩვენი საკურველი დედაკაცი არის!

–მართალია,მართალი, ჩემო სანდრო, შენ ნუ მომიკვდები!

მანამ ხელმწიფიდგან საქმის გადაწუვეტილება მოვიდოდა,ყოველ დილაზე ჩემი კატინა მოვიდოდა ჩემთან და ბინდზე წავიდოდა. ბატონიშვილი კი კვირაში ორჯერ გვნახამდა, ხან ერთ საათს და ხან ორ საათამდისინ ბრძანდებოდა ჩვენთან. ამაობაში კარგა ხანი გავიდა.

ბოლოს 1834 წელსა, გაზაფხულის ერთ საღამოზე, ცხრა საათი რომ შესრულდა ღამისა და ჩემი კატინაც წასული იყო შინათკენ, უნტეროფიცერი მოიჭრა და ჩვენი კარების ოთახის კარებს კლიტე დაადო გარედამ და როგორც ჩვენს პირველ ამბებში იყო დაკეტილი, ისევ ისე დაგვირაზეს კარები. ჩვენ სამნივ გავშტერდით, რა ამბავი უნდა იყოსო. მცირედი დავაცალეთ, კაპიტანი უკებოვიჩი შემოვიდა სრულის ფორმით და მკაცრი სიტყვით გვითხრა, ქვემოთ კამისიაში ჩამობრძანდითო. კარიდორში რომ გამოვედით, ოთხი უთოფო ყაზახები შემოგვეხვივნენ, ქვემოთ ჩაგვიყვანეს და სადაც ადრე გამოძიებისა და სუდის კამისია იყო, იქვე შეგვიყვანეს.

სულ ერთიან ჩვენი ამხანაგები იქ დაგვხვდნენ. მარჯვნივ რომ შევიხედეთ, სადაც ადრე სტოლი იდგა ხოლმე და ჩლენები იმ სტოლის გარშემო ისხდნენ, ისევ ისე იდგა სტოლი, ისევ იმისთანა წითელი მაუდი გადაეფინათ, სტოლის თავს შტაბსნაჩალნიკი ვალხოვსკი იჯდა სრულის ფორმით შეჭმუხვნილის სახით. წინ რაღაც დაწერილი ქაღალდი ედო და რამთენიმე აფიცრები სრულის ფორმით იდგნენ ცოტა იმის მოშორებით.ჩვენ რომ იქ შევედით,ჩვენ ამხანაგებში ჩავდექით. ნაჩალნიკშტაბმა მიახლოვით მოგვიხმო. ჩვენც წავდექით წინ. შემდგომ დღესასწაულის და მკაცრის სიტყვით დაიძახა:

–თქვენი შეცოდება ხელმწიფე იმპერატორმა განიხილა და თავისი მოწყალე ყურადღება თქვენზე მიაქცია. აი, მისი მოწყალე გადაწყვეტილება, რომლითაცა ყველამ უნდა იგრძნოთ იმის მოწყალება.

ჩვენ ყველამ თავი დავუკარით.

კიდევ მოჰყვა:

–არტელერიაში ნამსახურს პრაპორჩიკს, შემდგომ გადამდგამს პოლკოვნიკსა თავად ელიზბარ ერისთოვს აეყაროს ჩინი, არა თავადობის ღირსება და რედავოით გაიგზავნოს ლაფლანდიაში, მაგრამ ნამსახურობით ისევ დაუბრუნდეს ჩინი.

რადგან ამის შემდგომ მეორე პირი ვიყავი შეთქმუ~ისა, ამისთვის ახლა მე წამიყვანეს წინა და წამიკითხა:

–გადამდგარი პოდპორუჩიკი, თავადი ალექსანდრე ორბელიანი სამხედროს სამსახურში დაინიშნება ორენბურღის ღუბერნიის ერთ-ერთ ლინეინის ბატალიონში პარაპორჩკად და თორმეტი წლით გაიგზავნოს. მაგრამ შემდგომ თორმეტის წლისა უნდა საქართველოს მთავარმმართებელს ეკითხოს, შეიძლება იმისი საქართველოში მოყვანა თუ არა.

რაღა გავაგრძელო, ყველას თითო ამგვარი წაუკითხეს და ჩემს ძმას ვახტანგსაც კალუღაში შეხვდა ჩვენს ძმა დიმიტრისთან.

ამის მეორე დღეს განითქვა მთელს ქალაქში ეს ამბავი, რომლებიცა ყველანი მადლობას ამბობდნენ ხელმწიფე იმპერატორისას, რომ ასე სუბუქად დააბოლოვა ჩვენი საქმე და არფრად მიიღო.

მესამე დილა რომ გათენდა, მეთორმეტე საათზე ბატონიშვილი დედა და ჩემი კატინა შემოვიდნენ ჩვენთან და მოგვილოცეს სუბუქად დაბოლოება საქმისა. ბატონიშვილი დედა განსვენებულის გულით იყო და ჩემი კატინა, თუმცა არ იმჩნევდა, მაგრამ დიდი მწუხარება ეტყობოდა სახეზე. სიყვარულიანის ლაპარაკს შემდეგ ბატონიშვილმა დედამ ბრძანა:

-ეს თქვენი საქმე დიახ კეთილად დაბოლოვდა მაშინ, როდესაც რომ მეგონა , უბედურებაში ჩაცვივდებოდით. გავს, ღმერთი გწყალობთ, მაგრამ მე ერთი რამ უნდა გამოგიცხადოთ, თუ არ შეწუხდებით...

მე გულმოდგინედ ვთხოვე თქმა, მაგრამ მანამ პირობა არ გამოგვართო, არა ბძანა.


-ჩვენი სახლიდან თქვენს სამს ძმებს გარდა დღეს მეც გამამიცხადეს: ხელმწიფის ნება არის, რომ თქვენც კალუღაში უნდა წაბრძანდეთ თქვენს ორშვილს დიმიტრის და ვახტანგთანო.

ამ სიტყვაზე მე და ჩემს ძმას ვახტანგს ფერი გვეკრთო, მაგრამ მაშინვე ბატონიშვილმა დედამ მოგვატანა:

–ჰაა, მწუხარება არ შეიმჩნიოთ!

ჩვენ თავები ჩავღუნეთ, მწარედ დავღონდით.

მეორეს მხრით ჩემი კატინა წამოდგა, ბატონიშვილს დედას უკან მოეფარა, ფანჯრისაკენ თავი მიიღო და მსხვილი ცრემლები გადმოყარა. ყოვლის ღონით ცდილობდა, არავის შეემჩნია ცრემლი. ბატონიშვილმა დედამ მოთმინების გულით ბრძანა:

–ასე არის დაუდგრომელი სოფელი. მინამ ადამიანი ცოცხალი არის, სოფელი არ ასვენებს. მე უბედურობისა არ მეშინია, მაგრამ უსამართლოდ რომ მსჯიან, ეს კი საგრძნობლად მაქვს, მაგრამ ამასაც ღმრთის მადლობით მოვითმენ და ჩემს გულსა აგრე ჩქარა ვერ შემირყევენ. მე მეფის ირაკლის ქალი ვარ და იმის მაგარ გულზედ გაზდილი, რომელიცა თავისგნით არ მიშორებდა მე.

ამასაც ვიტყვი, რომ რადგან რუსების მონებაში ვიმყოფები, მეტი ღონე არა მაქვს, უნდა თავი დავიმდაბლო და ვთხოვო, უსამართლოდ ნუ მსჯიან და ჩემი თავისუფლება ისევ დამიბრუნონ. უსამართლობას ამაზედ ამბობდა, რომ რადგან ბევრი შემცოდნი გამოუშვეს დაუსჯელნი, ნამეტნავად მეფის ირაკლის ქალს არ უნდა შეხებოდა მთავრობა. მართალია, ჩვენი ყოველი საქმე სულ იცოდა და დაფარვით ჩვენი მონაწილეც იყო, მაგრამ დიახ გაფრთხილებით. თუ ჩვენი თხოვანა შეიწყნარეს, მადლობელი ვიქნები, თუ არა და, ამ ჩემს ცოცხალ თავსა რაც ნებავდეთ, ის უყონ.

ამ უკანასკნელ სიტყვაზედ გაჩუმდა და მედიდურის მამაცურის სახით კედელზე მიესვენა. მე სწრაფად ბალიში მივართვი, ბეჭებსა და კედლის შუა ჩაიდო და გადასვენებით მიეყუდა.

ამასობაში ჩემმა კატინამ თვალები მოიმშრალა ბაღდადის მწვანე ხელსახოცით, რომ ბატონიშვილმა დედამ ვერ შეამცნია. მას უკან მოვიდა და ცოტა მოშორებით დაჯდა ბატონიშვილს დედასთან.

სადილობაბამდისინ ჩვენთან ბრძანდებოდა, სხვადასხვა მაგალითებს გვიანბობდა.

შემდგომ წაბრძანდა და ჩემი კატინა ჩემთან დარჩა. სადილი რომ გავათავეთ, ჩემი ძმა ვახტანგ და ჩვენი ამხანაგი სასეირნოდ გავიდნენ კარზე. ჩემმა კატინამ მითხრა:

–სანდრო, შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, სადაც იყო, მეც შენთან მამყოფე.

მე გადაწყვეტილის სიტყვით უთხარი:

–სიხარულით წაგიყვან. შენი ყოფნა ჩემთან, ხომ იცი, ჩემი ბედნიერება არის, მაგრამ არა სჯობია.

–რატომ, ჩემო სიცოცხლე სანდრო?

–ამიტომ, რომ მე ვხედავ, ჩვენი სახლის დამხობა უნდათ ჩვენს მტრებსა, თორემ არცერთი ჩემი ძმა არ უნდა გაეგზავნათ. მაშინ, როდესაც რომ უდიდესი შემცოდნი აქ დააგდეს და მცირედის დამნაშავის მქონებელი ჩემი ძმები უნდა რუსეთში გაიგზავნონ? ნამეტნავად ბატონიშვილს დედას და დედაკაცს რაღას ემართლებიან, თუ ჩვენი სახლის დამხობა არ უნდათ?

–მე რომ შენ წამიყვანო, მაგიტომ რად დაიმხობა, ჩემო სანდრო?

–მე რომ შენ წაგიყვან, ჩვენი წვრილი შვილებიც ხომ თან უნდა წავასხათ. ჩემი ძმა დიმიტრიც ხომ თავის ცოლშვილს დაიბარებს კალუღაში და უთუოდ წაიყვანს. მაშ, ჩვენს სახლში ვიღა დარჩეს? თუ ჩვენი სახლი ჩვენით დაცარიელდება, აღარავინ აღარ დარჩება, ჩვენი მტრები უფრო გაძლიერდებიან და უფრო ბევრს გვავნებენ.

თუ რომ შენ შენი შვილებით აქ იქნები, ჩვენი სახლობის ფიქრი კიდევ აქეთკენ გვექნება და მაშინ ყველანი ვეცდებით, დროისად დავბრუნდეთ.

–ნეტავ ვიცოდე, ჩვენი მტერი ვინ არის?

–ჩვენი მტერი ღუბერნატორი ნიკოლოზ ფალავანდოვია.

–რა მიზეზი აქვს ჩვენს სახლზე იმას?

–როდისაც ის თავადობის ღირსებას ეძიებდა, მამაჩემი მაშინ უეზდის მარშალი იყო და წინ აღუდგა იმას მთავრობის წინაშე. არამცთუ თავადი იყო ნიკოლოზი, აზნაურიშვილიც არ არისო. შემდგომ მამაჩემისა, ნიკოლოზმა თავადობა დაიმტკიცა და გვარად ფალავანდოვი შეიქნა. დრო იპოვა და რადგან ახლა მთავრობასთან ძალა და გავლენა ბევრი აქვს იმას, ამიტომ მამიჩვენის ჯავრსა ჩვენ სულერთიან სახლზე ყრილობს. თუ ღუბერნატორი ნიკოლოზ ახლო მეგობარი არ ყოფილიყო მთავარმართებლის ბარონ როზინისა, ის ასეთი კეთილი კაცი არის, რომ ჩემს ძმებსა გასაგზავნად არ გამოიმეტებდა, თორემ ბატონიშვილს დედას როგორ შეეხებოდა. მაგრამ ღუბერნატორის მეგობრობას ვეღარ წასვლია და ამიტომ იღუპება ჩვენი სახლი.

–ეგ, დიაღ მართალია, მაგრამ თავის ძმა იასე რაღად გააგზავნინა?

–პირველად იასეს ამართლებდნენ, უთუოდ კიდეც გამოუშვებდნენ, მაგრამ მე რომ ის მკლამდა, მაშინ აღარც მე დავზოგე და ასეთს დამნაშავედ აღმოვაჩინე, რომ თუ იმის ადგილას სხვა ყოფილიყო, უნდა დაეხრჩოთ. მაგრამ მხოლოდ რუსეთს გაგზავნეს სამსახურში და იმ დიდის უბედურებისაგან გამოარჩინეს.


–რასაც ამბობ, უთუოდ აგრე უნდა იყოს. მეც ვხედავ, რომ სწორედ ნიკოლოზს დაუღუპავხართ ამისთვის, რომ ვისაც იჭერდნენ და დაკითხვაში ჰყავდათ, ყველანი შენზე ლაპარაკობდნენ, ალექსანდრეს დაუბეზღებიაო. ან თქვენს კამისიაში თუ იმისთანა მოხდებოდა რამე, იმასაც შენ გაბრალებდნენ. დიდისა პატარამდისინ სულ შენ გწყევლიდნენ და შენზედ იყო განგაში ყველასაგან. ამისთვის, რომ ღუბერნატორზედ ეჭვი არავის მიეტანა და ესეც, რომ ჩვენი სახლის საწინააღმდეგოდაც ალაპარაკა ხალხი ჩემზე.

–ღმრთისგან იმედი მაქვს, ღუბერნატორ ნიკოლოზ ფალავანდოვსაც გადაახდევინებს, მაგრამ ბატონიშვილი დედა ვინ დააბეზღა?

–არ ვიცი, ჭეშმარიტად. თუ იასე ფალავანდოვის ბეზღით გზავნიან, არ დავიჯერებ, რომ იასეს დაბეზღებით დასჯიდნენ. მართალია, იასე კამისიაში მამადგა, ბატონიშვილი დედაშენიც გარეული ყო ჩვენშიო, მაგრამ კამისიამ ყური არ ათხოვა, არამცთუ დაეჯერათ.


–მაშ, რა მიზეზისათვის გზავნიან?

–იქნება, კიდევ ღუბერნატორის ფალავანდოვის ეშმაკობა იყოს რამე ბატონიშვილის დედას გაგზავნა, თორემ სხვა მიზეზს მე ვერასა ვხედავ.

ამ სიტყვაზე ამოიოხრა და მას უკან ნდაღონებით მითხრა:

–ჩემო სანდრო, მაშ, აქ უნდა დავრჩე, წელიწადები გავიდეს, რომ ვეღარა გნახო?

–ჩემო სიცოცხლეო კატინო, მეტი ღონე არ არის, უნდა მოითმინო. მაგრამ შენ დედ-მამასთან უნდა გადახვიდე წვრილი შვილებითა და იმათთან იცხოვრო, მინამ ღმერთი კეთილად დააბოლოებდეს ჩვენს საქმესა. შენ სარწმუნოდ იცოდე, რაკი მე ამ კამისიას გადაურჩი, რუსეოიდგან მოსვლა უფრო ადვილია – ნიკოლოზ ფალავანდოვი აღარ იქნება, რომ საქმე ჩამიშალოს. სადაც უნდა ვიყო, იმედი მაქვს, ყველანი შემიყვარებენ და მოიწადინებენ, დროისად დამაბრუნონ.

ჩემმა კატინომ ცრემლით მითხრა:

–კიდევ მოვითმენ, მაგრამ ძვირად დაუჯდება ჩემს სიმრთელეს იმდენი მოთმინება.

მე ჩემს ხელსახოცით მშვენიერნი თვალები მოვწმინდე და ალერსიანის სიტყვით დავამშვიდე, მაგრამ გული კი მიკვდებოდა.

ამ დროებაში ჩემნი ამხანაგები თვითეულად წაიყვანეს თავთავის დანიშნულს ადგილს რუსეთისკენ.

ივნისის გასულის რიცხვებში მე და ჩემი ძმა ვახტანგიც გამოგვიყვანეს , ქირის დროკაში ჩაგვსხეს, მთავარმარმართებელ ბარონ როზინთან მიგვიყვანეს და კაბინეტში შეგვიწვიეს. ბარონ როზინმა კეთილგონიერებით დაგვარიგა და დასასრულზე გვითხრა:

–ხელმწიფის ნება არის, ბატონიშვილი დედათქვენიც კალუღაში წავიდეს და თავის ორ შვილთან იცხოვროს.

ჩვენ რას ვეტყოდით.

თავები ჩავღუნეთ და ხმა აღარ ამოვიღეთ. შემდგომ მითხრა:

–ეს თქვენი ძმა ვახტანგ ბატონიშვილი დედათქვენს გაჰყვება, ერთად წავლენ კალუღისკენ. რადგან თქვენ ცოლ-შვილიანი ხართ, ამისთვის თქვენთვის ნება მომიცია, ორი კვირა მეტი თქვენს ცოლ–შვილი დაჰყოთ. და შემდგომ ჩემს დანიშნულ აფიცერს გამოგატანთ და ორენბურღისაკენ წახვალთ.

მე მადლობით თავი დაუკარი.

მართლა რომ ორი კვირა მეტი დავყავ ჩემს სახლში და რაოდენს ჩვენს უბედურს შეეფერებოდა, ვმხიარულობდით, მაგრამ როდესაც ჩემს კატინას მოაგონდებოდა ჩემი წასვლა, სახე ზაფრანის ფერად შეეცვლებოდა. მე მაშინვე მივიდოდი და ნუგეშსა ვცემდი სიყვარულიანის ალერსით.

მე და ჩემის კატინას გაყრას აქ ვეღარას ვიტყვი, მხოლოდ ამის მეტსა, რომ ჩემი კატინადგან ბატონიშვილს დედასთან შევედი. ბატონიშვილს დედას ხატებისთვის თახჩაში წმინდა სანთლები ანთებული ჩაემწკრია ღმრთაება უცვალებლისთვის და ღმრთისმშობლის ხატებისთვის. ბატონიშვილმა დედამ მიბრძანა:

–შვილო ალექსანდრე, ქვეყანაზე ბევრი უბედურნი არიან, რა ვქნათ, იმათ შორის ჩვენი სახლიც უბედური იყოს.ღმრთის მადლობით მოვითმინოთ.ამ ცოტა ხანში მეც გამამისტუმრებენ და შენს ძმას ვახტანგსაც.

განსვენებულის გულით მივდივარ მე. თუ შენ ჩემი შვილი ხარ, შენც ჩემსავით მაგრა იყავ და უბედურობას ნუ გაუტყდები. კარგი, წადი, ღვთისათვის მიმიბარებიხარ.

წამოვდექ და მინდოდა, ორსავ ხელებზე მეკოცნა, მაგრამ არ მიმიშო და ამ სიტყვით მიბრძანა:

–წადი, იმ ხატებს ემთხვიე, ეს სჯობია!

მივედი. გულით ვემთხვიე. მას უკან კიდევ მიბრძანა:

–უწინდელს ჩვენს დროში, ვინც შორს გზაზე წავიდოდა, მხოლოდ სიტყვით გამოესალმებოდა და არა კოცნით. თუ ჩემი სიყვარული გაქვს, ნურავის აკოცებ და სიტყვით გამოესალმე.

მდაბლად თავი დაუკარ და მოაჯირზე გამოველ.

ამ დროს დიდი ელვა-ჭექა იყო თქემში წვიმა მოდიოდა. ყველანი ამბობდნენ, მშვიდობიანი მგზავრობა ექნება და ღვთით ჩქარა დაბრუნდება, თვით ზეცა მოასწავებსო.

მოაჯირზე რაოდენიმე ქალები შეკრებილიყვნენ, ჩემი ნათესავები.

იმათ ყველას სიტყვით გამოვესალმე-კიბეზე ჩამოვედი და შებმულს ბრიჩკასთან მივედი. ბრიჩკასთან დამხვდა ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი პავლე თუმანოვი, ჩემი ბიძაშვილი თ-დი თადია ჩოლაყოვი, რომელიცა იმ საღამოს სოფლიდან ჩამოვიდა ჩემს გამოსასალმებლად და რომელთაცა დიდად გვიყვარდა ერთმანეთი, და ჩემი სიმამრი თ-დი დავით ბარათოვი. ბრიჩკასთან რომ მივედი ჩასაჯდომად, ჩემი მეგობარი პავლე მოვიდა ჩემთან და შეწუხებულმა მითხრა:

–საყვარელო მეგობარო ალექსანდრე, მე ვგრძნობ, შენ მშვიდობით დაბრუნდები, მაგრამ მე ცოცხალი აღარ დაგხვდები. გთხოვ, უკანესკნელად მაკოცნინო პირზე, რომ საუკუნო გამოსალმება იყოს.

იმის სიტყვაზე გულმა წუხილი დაიწყო. ამ დროს ჩემი სიმამრი მოვიდა და იმანაც მამობრივი გულმტლივნეულობის კოცნა მთხოვა. და რაც პავლემ თქვა თავისთავზე, იმანაც ის მითხრა. მე სიტყვის თქმა აღარ დამცალდა, ჩემმა ბიძაშვილმა თადიამ კისერზე ხელი გადამხვია და იმანაც კოცნა მთხოვა.

მაგრამ მე მაინც ბატონიშვილის დედიჩემის სიტყვა ვერ გავტეხე და სამთავეს სიტყვით გამოვესალმე. ბრიჩკაზე ავედი და იქით მხარეს გადავჯექი ჩემს გვერდით დაჯდა ნიჟეგოროდსკის დრაგუნსკის პოლკის პორუჩიკი მინიცკი, რომელიცა მთავარმართებლისაგან იყო დანიშნული ჩემს წასაყვანად. ჩვენს პირდაპირ დაჯდა ერთი გადამდგარი პორუჩიკი, რომელიცა ორენბურღის ქალაქში მიდიოდა თავის სახლში. ბლიჩკის კოზლაზედაც ჩემი საკუთარი მოსამსახურე დაჯდა ფოშტის იემშჩიკთან. ჩვენ რომ ბრიჩკაში გავსწორდით, ხმამაღლითა დავიძახე:

–ყველას ერთიან შვიდობით. გთხოვთ, ნურავინ შეწუხდებით!

ამ სიტყვაზედ ოთხცხენიანი ბრიჩკა გაქანდა და დიშლაზე შებმულმა ზარმა წკრიალი დაიწყო. ამ დროს აღარც ელვაჭექა იყო, აღარც წვიმა მოდიოდა და ღამე კი ბნელი იყო.

1834-ს წლის 14-ს ივლისს ღამის მეთერტმეტესა საათზე ჩემი სახლითგან წამიყვანეს ორენბურღის ღუბერნიისაკენ.

აი, ჩემი ბედნიერებისა და უბედურობის ამბავი ეს არის..