ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი
იერსახე
ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1908 წელი |
(სიმღერა)
ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი,
წყალს მიმეც ადევებულსა.
შორს დამრჩა სატრფო გულისა,
იმისთვის დაფეთებულსა.
ის ჰგოდებს... ვაი ჩემს თავსა,
ყველასგან გამეტებულსა,
კარგის არადროს მნახველსა,
უმწეოს, გარეტებულსა!
არ იქნა, ვერ მოვესწარი
მე საქმეს გაკეთებულსა.
გავხდი მდინარის სათრევლად,
მის ლამის დასალამადა.
ან სატრფოს რაღა ვუშველო,
ვიცი, რომ არის ავადა.
წამლები უნდა, ექიმი,
როდი მორჩება თავადა!
შავად დავიწყე ცხოვრება
და მითავდება შავადა.
ვაჰ, ხიდო, ხიდო, რა გითხრა,
უგნურის ხელით ნაგებო!
ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო,
სამოთხის მსგავსო თვალებო,
ვერ შევხვდით ერთი-მეორეს,
მკვდარი ვეღარას გარგებო!