შინაარსზე გადასვლა

(საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?..)

ვიკიწყარო გვერდიდან
(საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?..)
ავტორი: ანა კალანდაძე
1959 წელი


საით არიან შალვა, ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ პირმიქცეულა
ბებერი ციხით:
ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობს
ცბიერი შაჰი,
რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავს
ბობოქარ კახეთს?
დაუმცხრალია და ამაყია
შურისძიება -
აზვირთებული გადაერევა
მტერთა ლაშქარში...
ამ სამი გმირის წმიდათაწმიდა
ხსოვნად კაშკაშებს,
იკორთის თავზე რომ გადმომდგარა
ჯიღად მთიები!