(ხელშეკრულება...)
ხელშეკრულება... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1918 წელი |
ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან,
მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად, -რჩება ძალაში. ჩემში ისევ ალაპარაკდა
და ის სიმართლე კვლავ მამაღლებს არაგვის პირად.
მადლობა მცხეთას არაგვისთვის, დიდი მადლობა!
ხელშეკრულება ძალაშია კვლავ იმნაირად,
უჭკნობი სიყრმის და უჭკნობი სიახლის გრძნობა
აყვავილებულ გზებით მიდის არაგვის პირად.
მხრებს აიწევენ კვლავ არაგვის მთის მწვერვალები.
აქ ცხრაას რვაში ფარულ კრებებს ვიწვევდით ხშირად,
როგორ ბრწყინავდნენ ის ცოცხალი, დიდი თვალები,
თავისუფლებას რომ ეძებდნენ არაგვის პირად.
სემინარია მაშინდელი რას არა ბედავს!
შესდგება იგი, ღრმა ფიქრებში შესული მწირად,
უცებ ერკვევა... გაოცებით მიმოიხედავს,
ის მთლად ფიქრია და სიცოცხლე არაგვის პირად.
ვესაუბრები ახლაც არაგვს, როგორც თავის თავს,
ხმა მედგარი აქვს და ნათელი, ქცეული წკირად,
იმ ხმათაგანი, არვის წინ რომ ქედს არა ხრიან,
უფრო ნათელი ხდება ის ხმა არაგვის პირად...