(ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა ...)
იერსახე
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა ... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1922 წელი |
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო
დღეთა სინაზეს ედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი,
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!