შინაარსზე გადასვლა

ელინური მითები/დევკალიონი და პირა

ვიკიწყარო გვერდიდან
პრომეთე ელინური მითები - დევკალიონი და პირა
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე
ფაეტონთი


"დევკალიონი და პირა" , ვირგილიუს სოლისი

ელინთა ღმერთების მამამთავრის ზეცსის ყურამდე მიაღწია ხმამ: ქვეყნად, ხალხთა შორის, მეტად გავრცელდა უკანონობა და ყოველგვარი უწესრიგობა.

ზევსი მეტად შეაწუხა ამ მართლაც სამწუხარო ამბავმა და მან უმალვე გადაწყვიტა თვითონვე შეემოწმებინა, რამდენად სამართლიანი იყო ეს ხმა. ღმერთების მამამთავარი დაიძრა ზეციდან. სამწუხაროდ, ზევსმა უფრო მეტი უწესრიგობა იხილა ქვეყნად, ვიდრე ამის შესახებ ზეცას მოსდიოდა ხმები. სადაც კი მივიდა ღმერთების მამამთავარი, ყველგან დიდი უწესრიგობა და უკანონობა ჰპოვა. ერთხელ, საღამოს, ზევსი არკადიაში მიბრძანდა მეფე ლიკაონის სასახლეში. ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებელი, სანამ მეფე ლიკაონის სასახლეში მივიდოდა, გზაში მრავალ სასწაულს ახდენდა და თავის ღვთაებრივ მადლს ადგილობრივ მკვიდრთ არ აკლებდა. ხალხმა ამის გამო ლოცვითა და კურთხევით თაყვანი სცა ქვეყნად კაცის სახით მოვლენილ ღმერთს. მეფე ლიკაონი მეტად განარისხა ხალხის მიერ ამგვარი პატივისცემის გამოცხადებამ. მეფემ გადაწყვიტა ძილში მოეკლა თავისი სტუმარი, მაგრამ, სანამ ამ სასტიკ განზრახვას შეასრულებდა, ზევსის გამოცდა მოისურვა, რათა დარწმუნებულიყო, ღმერთია იგი, თუ უბრალო მოკვდავიო.

მეფეს სასახლეში ჰყავდა ერთი მონა. ლიკაონმა ბრძანება გასცა დაუყონებლივ გამოეჭრათ ყელი ამ მონისათვის, მოეხარშათ იგი და ზევსისათვის მიერთმიათ: აბა, გამოიცნობს ჩემი სტუმარი ამ საჭმელს თუ ვერაო. ზევსი მეტად შეაწუხა ამ საზიზღარმა ამბავმა და ლიკაონის დასასჯელად მეფის სასახლეს მოუვლინა თავზარდამცემი ქუხილი, რომელმაც ყველაფერი ერთიანად გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ სასახლის პატრონი მეფე ლიკაონი, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას. ზევსმა ლიკაონი მგლად გადააქცია. მეფემ ამ დღიდან კაცურად ლაპარაკის უნარი დაკარგა, იგი მგელივით ღმუის, სახე იცვალა, ხელებმა და ფეხებმა სულ სხვა შეხედულება მიიღო. ერთი სიტყვით, მეფე ლიკაონმა სავსებით მგლის სახე მიიღო. ზევსი ზეცას დაბრუნდა და დაუყოვნებლივ მოიწვია ღმერთების კრება. ღმერთები შეიკრიბნენ მარმარილოს ქვებით მოფენილ სასახლეში და ირგვლივ მწყობრად ჩამოსხდნენ. გამობრძანდა თვით ზევსიც, დაღვრემილი იყო, თავი ორჯერ მძლავრად ჩაიქნია და შემდეგ დიდებულ კრებულს ასე განუმარტა საქმის ვითარება და თათბირის უახლოესი საგანი: „მე არასოდეს არ მშინებია ჩემი სამეფოსი ისე, როგორც ამჟამად. მთელი სამეფო მოვიარე კიდით–კიდემდე, მაგრამ უკანონობისა და საშინელი საზიზღრობის მეტი ვერა ვპოვე რა. ამიტომ გადავწყვიტე მთელი კაცობრიობის სასტიკად დასჯა“.

როცა ამასთანავე ზევსმა თათბირზე დამსწრე ღმერთებს უამბო მეფე ლიკაონის მიერ ჩადენილი ყოვლად დაუშვებელი საქციელი, ყველანი შიშის ზარმა აიტანა და ერთხმად მოუწონეს ყოვლად შემძლებელ ზევსს მთელი კაცობრიობის დასჯის გადაწყვეტილება. ხოლო ზოგიერთმა დამსწრეთაგანმა შეძრწუნებით თქვა: როცა დედამიწის ზურგზე ხალხი ამოწყდება, ღმერთებს მსხვერპლს ვინ შესწირავს, ვინ უკმევს მათ საკმეველსო?

მაგარამ ყოვლად შემძლებელმა ზევსმა ამრიგად ანუგეშა შეშინებული ღმერთები: ამ მხრით შიში ნუ გექნებათ, დედამიწაზე უფრო ღვთისმოყვარე ხალხს მოვამრავლებო.

ღმერთები დაკმაყოფილდნენ ამ განმარტებით და მთელი კაცობრიობის წარღვნით დასჯა ერთხმად დაადგინეს. ყოვლად შემძლებელი ზევსის ბრძანებით ქვეყნის ოთხივე მხრით ამოვარდა მძლავრი ქარი, ცა ერთნაირად შეიმოსა შავი ღრუბლებით, ჭექა–ქუხილმა დედამიწა ჯოჯოხეთად აქცია; მდინარეები ადიდდნენ და ნაპირებიდან გადმოსვლას მოულოდნელად მოელოდნენ; ზღვისა და ოკეანის გამხეცებული ზვირთები ცის სიმაღლეზე ერთმანეთს შეუბრალებლად ეჯახებოდნენ და დედამიწას წალეკვას უქადდნენ. შიშისაგან სულგანაბული ხალხი არსაიდან შველას არ მოელოდა და გაშტერებით შეჰყურებდა სტიქიონის გამხეცებულ ვარჯიშობას. ერთი წამიც – და დედამიწა წყლის ზვირთებით უნდა წალეკილიყო.

მართლაც, დაბერა თუ არა ცოტათი უფრო ძლიერმა ქარმა, ცის სივრცემდე ამართული ზღვისა და ოკეანის გამხეცებული ზვირთები დედამიწას ელექტრობასავით მოედო. ხალხი მთების მწვერვალებისაკენ მიისწრაფოდა, მაგრამ შეუბრალებელი წყლის ზვირთები მთების მაღლობზედაც მუსრს ავლებდა ყველაფერს. ყველაფერი გაქრა იქ, სადაც ამ ერთი თუ ორი წუთის წინათ სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა.

როცა ამრიგად აზვირთებულმა ტალღებმა ერთიანად წალეკა დედამიწის ზურგიდან ყველა სულიერი და უსულო არსება, ყოვლად შემძლებალმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა გასცა ბრძანება წყლის ზვირთები თავთავის ადგილას მოთავსებულიყო. ყოვლად შემძლებელი ზევსის ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა. აზვირთებული წყლის ტალღები ელვის სისწრაფით გაეშურნენ ზღვებისა, ოკეანეებისა და მდინარეებისაკენ და თავთავის კალაპოტებში მოთავსდნენ. როდესაც წყალი სავსებით აიკრიფა დედამიწის ზურგიდან, პარნასის მთის მაღალ მწვერვალზე გაირიყა პატარა ნავი, რომელშიაც უვნებლად გადარჩენილიყვნენ ელინთა ძლევამოსილი გმირის პრომეთეს ვაჟიშვილი, ღვთისმოყვარე დევკალიონი, და უკეთილმსახურესი მეუღლე მისი პირა.

აი, ორად ორი სულიერი არსება, რომელიც მოიპოვებოდა წარღვნის შემდეგ დედამიწის ზურგზე. დევკალიონი და პირა გადმოვიდნენ ნავიდან და, როცა დედამიწა დაცარიელებული დაინახეს, როცა ქვეყნად არავისი ხმა და ძახილი არ ისმოდა, თვალები ცრემლებით აევსოთ და ობლად დარჩენილნი დიდხანს, დიდხანს გულამოსკვნით ქვითინებდნენ. „ჩემო საყვარელო დაო და მეუღლევ! – ცრემლიანი თვალებით შეეხმაურა დევკალიონი თავის საყვარელ მეუღლეს პირას: – მთელი დედამიწის ზურგზე, მზის ამოსვლის და ჩასვლის სივრცეზე, ერთადერთო დიაცო, ერთადერთო მეუღლევ! ჩვენს გარდა დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება არც ერთი სულიერი, ყველანი წყლის შეუბრალებელმა ზვირთებმა შთანთქეს. ჩვენც კიდევ რა მოგველის, ვინ იცის! თვითეული ღრუბლის ნაწყვეტი შიშის ზარს მგვრის, სულს მიხუთავს, გონებას მიხშობს! კიდევაც რომ უვნებლად გადავრჩეთ, ჩვენი სიცოცხლე რა სიცოცხლე უნდა იქნეს! ამ ვეებერთელა, დაცარიელებულ ქვეყანაზე ჩვენ მარტონი რას მოვიმოქმედებთ, რის გაკეთება შეგვიძლია!“ ასე მწუხარებით, ცრემლების ღაპაღუპით ითვალისწინებდნენ თავის უმწეო მდგომარეობას ქვეყნად მარტოდმარტო დარჩენილნი დევკალიონი და პირა.

ბოლოს და ბოლოს დევკალიონმა და პირამ გადაწყვიტეს მიემართათ დელფოს სამისნოსათვის, სადაც ღმერთი თემიდა ელინთა მკვიდრს ყოველ გაჭირვების დროს ამცნობდა ხოლმე მომავალ ბედს. მართლაც, დიდი ძებნის შემდეგ, კეთილმსახურმა ცოლ–ქმარმა მოძებნეს დელფოს სამლოცველოს ნანგრევები და გულმოდგინედ შეევედრნენ ქალრმერთს თემიდას: „გვამცნე, მოწყალეო თემიდავ, როგორ და რა საშუალებით უნდა გავაშენოთ დაცარიელებული ქვეყანა?“ თემიდამ ამნაირი ნახევრადგაუგებარი პასუხი მისცა უკეთილმსახურეს დევკალიონსა და პირას: „დიდი დედის ძვლები გადისროლეთ თავზე, ზურგს უკან!“

საბრალო დევკალიონი და პირა დიდხანს უხმოდ იდგნენ ერთსა და იმავე ადგილას და გაკვირვებით გულში ბჭობდნენ, თუ რას მოასწავებდა თემიდას ამგვარი ბუნდოვანი სიტყვები. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, დევკალიონმა ამნაირად განმარტა თემიდას წინასწარმეტყველება: დიდი დედა – დედამიწაა, ხოლო ძვლები კი დედამიწაში ჩაფლული ქვები უნდა იყოსო. უკეთილმსახურეს ცოლ–ქმარს მოეწონათ ეს განმარტება და საქმით ამის შემოწმება მოისურვეს. მართლაც, დევკალიონი და პირა ჩამოვიდნენ ერთ დაბალ ხეობაში და შეუდგნენ ქვების თავზე ზურგს უკან გადასროლას. დახეთ საკვირველებას! დევკალიონის მიერ ზურგს უკან გადასროლილი ქვები მამაკაცებად გადაიქცნენ, პირას მიერ გადასროლილი კი დედაკაცებად.

ამნაირად, წარღვნისგან დაცარიელებული დედამიწა სულ მოკლე ხანში გაშენდა, და ადამიანმა განახლებულ ქვეყანაში განახლებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი.