გლეხის საჩივარი
იერსახე
გლეხის საჩივარი ავტორი: აკაკი წერეთელი |
დიდება შენდა, უფალო!
რასა გვთხოვს? რა მოუცია,
რომ ჩამოგვიდგა ჭირივით
სოფელში ეგზეკუცია?
სადღაც ვიღაცას რაღაცა
ვითომდა ჩაუდენია,
ახლა ჩვენ გვახდევინებენ,
მოგვდვეს ცეცხლი და გენია!
კომლზე სამ-სამი თუმანი
ადვილად გაუწერია!
თითქოს ეს გადასახადი
გლეხისთვის არაფერია!
სად შეგვიძლია ამდენი,
რომ მოვაგროვოთ ხელადა?
უნდა შორს სადმე წავიდეთ
ფულების საძებნელადა.
რომ დავბრუნდებით, დაგვხვდება
სოფელი აოხრებული,
ცოლ-შვილი ნამუსახდილი,
ოჯახი ატირებული.
რომელ ერთს უნდა გავუძლოთ,
სირცხვილს, თუ აოხრებასა?
რად არ მოხედავ, უფალო,
გლეხკაცის გაჭირვებასა?
1906 წ.