შინაარსზე გადასვლა

ხატის წინ

ვიკიწყარო გვერდიდან
ხატის წინ
ავტორი: აკაკი წერეთელი


მიყვარს, როდესაც ხატის წინ

ანთია წმინდა სანთელი

და საიდუმლო პარპალით

ბნელს ფანტავს მისი ნათელი.


მყუდროდ, უხმოდ და უძრავად

დნება, ვით მსხვერპლი დიადი,

რომ მადლით გაასპეტაკოს,

თვალუწვდომელი წყვდიადი!


მივჩერებივარ ამ დიდ ძალს

მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;

მეცა უსიტყვოდ, უძრავად,

ცის სვეტად გაქვავებული.


რაღაც უცნაურ ერთობას

ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!

მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება

ჩემი გონება და ჭკუა.


სანთელი ჩემი ხორცია,

სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,

ნათელი - ჭკუა-გონება,

იმათგან გამონაშუქი.


ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე - მთელი ქვეყანა,

და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

არ შემიძლია მეც განა?


კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,

ჩემთან მომტანი ცეცხლისა,

ის მოციქული მომავლის,

მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!


1894 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები