შინაარსზე გადასვლა

უკანასკნელი ლექსი

ვიკიწყარო გვერდიდან
უკანასკნელი ლექსი
ავტორი: აკაკი წერეთელი


აღარ გსურს ჩემი ანთება,

მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!..

დამწუნებელო ბულბულის,

გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!…


უშენოდ ვეღარ ჭიკჭიკობს,

ენა ჩავარდა ბულბულსა,

მოუახლოვდა სიკვდილი,

შხამი აპკურა მის გულსა.


მაგრამ ეს შენთვის ერთია:

ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი!

აღარ აენთვის აწ სხვისგან

ჩემი დამქრალი ლამპარი!

აკაკი წერეთლის ლექსები