შინაარსზე გადასვლა

იუბილე

ვიკიწყარო გვერდიდან
იუბილე
ავტორი: აკაკი წერეთელი


ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?

სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?

ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,

ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?


ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,

ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;

მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?

რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?


ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,

გაურჩევლად ტომისა და წოდების,

აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი

ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..


მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..

სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..

მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,

იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!


ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..

საამისო, აბა, რა მომიცია?

ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს

და იმისი არის რეპეტიცია!


მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას

შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:

“ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”

ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..


1908 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები