შინაარსზე გადასვლა

მუშური (1861)

ვიკიწყარო გვერდიდან
მუშური (1861)
ავტორი: აკაკი წერეთელი


სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,

ერთხმად დავსძახოთ მუშური;

ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს,

რომ გლეხნი ვართ უბედური!


მარტო ჩვენთვის არ ვმუშაობთ,

სხვისაც გვმართებს სამსახური:

ბატონი გვყავს, ვართ საწყალი,

უპატრონო, უბედური!


ყველა თავში გვიჩაჩქუნებს,

გარეშე და შინაური;

ცხელსა მიწას უხვად ალბობს

ოფლი, ჩვენგან მონაწური.


ჩვენი ჯაფით მონაყვანი

სხვასთან მიდის საზრდო პური,

შინ ცოლ-შვილს შიმშილი გვიკლავს,

მაგრამ ვინ მიუგდოს ყური?


მათსა საზრდოს სხვა იტაცებს,

სტირის ცოლი მეძუძური,

შიმშილისგან რძე უშრება,

წივის შვილი უსუსური!


ღმერთს ბატონად მოუცია

ჩვენთვის ერთი აზნაური,

მისთვის სუყველა ჩვენა ვართ -

მებეგრეცა და მსახური.


მისგან ტანჯვას რომ მოვრჩებით,

მაშინ გვტანჯავს მისი ფური!

უპატრონოდც არ ვარგივართ,

როგორც ცხვარი უმწყემსური.


მაშინ ყველა ბატონია!

გამკითხავი სადღა არი!...

მდივანბეგის ბოქაულებს

გაეღებათ სახლის კარი.


სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:

ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.

ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!..

გლეხებს რა გვაქვს გასახარი?


სამართალს კოლოფში სძინავს,

ის არს ფულის მეგობარი,

არ იღვიძებს, თუ უფულოდ

მასთან მივიდა სტუმარი!


შინდის წკნელებზე სწერია

ჩვენი სახელი და გვარი...

განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,

ჩვენი სევდის განმაქარი!


ბანს გვეტყვიან ნაღვლიანად

არე-მარე, მთა და ბარი!

ნუთუ გულგრილად უყურებს

ჩვენს ტანჯვასა მაცხოვარი!...


1861 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები