გორი
იერსახე
გორი ავტორი: აკაკი წერეთელი |
(მესტვირული)
გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!
ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!
ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!
გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გრძელი გზა მომავლისაო.
დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.
1884 წ.